კობა გვენეტაძე – "თიბისი ბანკის" საქმეზე: „ფულის გათეთრების კანონმდებლობაც დაირღვა“

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ "თიბისი ბანკის" საქმეზე ისაუბრა, რომელიც 2007–2008 წლებში განხორციელებულ ტრანზაქციას ეხება. ამ ტრანზაქციის გამო, სებ–მა "თიბისი ბანკი" დააჯარიმა, პროკურატურაში კი ფულის გათეთრების მუხლით გამოძიება მიმდინარეობს.  

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტს სთხოვა განემარტა, ადგილი ჰქონდა თუ არა ფულის გათეთრებას იმ საქმეში, რაზეც TBC ჯგუფს ედავებოდნენ.

"ფულის გათეთრების ინსპექტირებასთან დაკავშირებითაც მუშაობს ეროვნული ბანკი და ასეც უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ფუნქცია ამ შემთხვევაში შემოიფარგლება ფულის გათეთრების აღმკვეთი ღონისძიებების ხელშეწყობის კანონმდებლობის დაცვასთან დაკავშირებით. ანუ, ჩვენ უნდა შევამოწმოთ და დავაინდენტიფიციროთ, რამდენად ხდება ამ კანონმდებლობის დაცვა, ჩვენი ზედამხედველობის სუბიექტების მიერ, მაგრამ ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი, მას არ აქვს მანდატი და ექსპერტიზა იმისათვის, რომ მან გადაწყვიტოს და განსაზღვროს, გათეთრდა თუ არა ფული", – განაცხადა გვენეტაძემ და დასძინა, რომ "დიახ, ფულის გათეთრების კანონმდებლობაც დაირღვა, მაგრამ შესაძლებელია, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით კანონმდებლობა დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს და პირიქით". 

"ამიტომ ჩვენი ფუნქცია ამ შემთხვევაში იყო, რომ კანონმდებლობასთან შესაბამისობა შეგვემოწმებინა", – დასძინა გვენეტაძემ. 

ამ პასუხის შემდეგ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა სებ–ის პრეზიდენტს დამატებითი კითხვით მიმართა, "როგორ შეიძლება, რომ ფულის გათეთრების კანონი დაირღვეს, მაგრამ ფული არ გათეთრდეს, ან პირიქით", რაზეც გვენეტაძემ შემდეგი მიუგო: 

"ფულის გათეთრების დეტერმინაციის პროცესი საკმაოდ რთულია, არ არის ადვილი, აქედან გამომდინარე, ნებისმიერი კანონმდებლობის დარღვევა შეიძლება არ იყოს ფულის გათეთრება. ფული გათეთრდა თუ არა, ეს სასამართლომ უნდა დაადგინოს". 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp