ცხინვალის ცენტრში სროლა იყო, დაჭრილია "დეპუტატობის" კანდიდატი

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დედაქალაქ ცხინვალის ცენტრში ჯერ–ჯერობით დაუდგენელ პირებს შორის შეიარაღებული ინციდენტი მოხდა. დაშავდა ერთი პირი, იუწყება ოსური სააგენტო „რესი“ დე ფაქტო სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით.

„ამ დროისთვის ინციდენტის ადგილზე გენპროკურატურისა და შსს–ს თანამშრომლები მუშაობენ. ვითარება კონტროლს ექვემდებარება. დაშავებული ჰოსპიტალიზებულია. ინციდენტის მონაწილეთა ვინაობები დგინდება“, – აცხადებენ დე ფაქტო შსს–ში.

თუმცა როგორც თვითმხილველები იუწყებიან, პუშკინისა და ჯიოევის ქუჩების კვეთაზე შეიარაღებული დაპირისპირება ოსური პარლამენტის დე ფაქტო დეპუტატობის კანდიდატებს შორის მოხდა. მათივე ცნობით, ინციდენტის ერთ–ერთი მონაწილე - ალან ტადტაევი ზედა კიდურის არეში დაიჭრა.

ამასთან, როგორც "აქცენტს" ცხინვალის რეგიონიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ინციდენტის მეორე მონაწილე დე ფაქტო დეპუტატობის კანდიდატი ალან ზასეევია, კიდევ ერთი - ასევე დე ფაქტო დეპუტატობის კანდიდატი სახელისუფლებო პარტია "ერთიანი ოსეთიდან" ვალერი კოკოევი, ხოლო დაჭრილი ტადტაევი ამ უკანასკნელის მეგობარია, დე ფაქტო არჩევნებში თავადაც მონაწილეობდა, თუმცა სხვა ოლქში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრიდა კენჭს და წააგო.

რაც შეეხება ზასეევისა და კოკოევის დაპირისპირების მიზეზს, ერთ-ერთი ვერსიით, მიზეზი იმ ერთი ბიულეტენის ბათილად ჩათვლაა, რომლის გამოც დე ფაქტო არჩევნებში გამარჯვებულად სახელისუფლებო კანდიდატი გამოცხადდა. ხოლო მეორე ვერსიით, ორივე კანდიდატის მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის მოგროვების შემდეგ კოკოევი გამარჯვებულად იმის საფუძველზე გამოაცხადეს, რომ მან არჩევნებამდე დე ფაქტო ცსკ-ში საბუთები ზასეევზე ადრე წარადგინა.    

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
4–საათიანი შეხვედრის შედეგი – "ოცნება" თანახმაა, განიხილოს მრავალმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლის შესაძლებლობა