მოლდოვაში ერთდროულად ორი მთავრობის სხდომები ჩატარდა

მოლდოვაში, სადაც საკონსტიტუციო კრიზისია, პარალელურად ორი სხვადასხვა მთავრობის სხდომები ჩატარდა. პავლე ფილიპისა და მაია სანდუს ხელმძღვანელობით. მათგან არც ერთი არ აღიარებს მეორეს.  ფილიპის მინისტრთა კაბინეტს, რომელიც მოლდოვას ბოლო თვეების განმავლობაში მართავდა საკონსტიტუციო სასამართლო აღიარებს, ხოლო სანდუს კაბინეტს  –  პარლამენტი და პრეზიდენტი იგორ დოდონი. 

სანდუს მინისტრთა კაბინეტი ფორმირებულია პრორუსულ ძალად მიჩნეული სოციალისტური პარტიისა და პროევროპულ ბლოკ ACUM- ის წარმომადგენლებით. პოლიტიკური ოპონენტები გაერთიანდნენ, რათა ხელისუფლებიდან ჩამოეშორებინათ ბიზნესმენ ვლადიმირ პლახოტნიუკის სახელთან დაკავშირებული დემოკრატიული პარტია. თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ სანდუს მინისტრთა კაბინეტის ფორმირება უკანონოდ მიიჩნია და პრეზიდენტი დოდონი დროებით გადააყენა, ხოლო მისი უფლებამოსილებები პაველ ფილიპს გადასცა. თავის მხრივ, ამ უკანასკნელმა პარლამენტი დაითხოვა. 

აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები ჯერ–ჯერობით ფილიპის მთავრობას ემორჩილებიან.  ახალი კაბინეტის მინისტრები მთავრობის შენობაში არ შეუშვეს და მათ სხდომა პარლამენტის შენობაში გამართეს.

მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები ესკალაციის დაუშვებლობასა და დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. ამასთან, ისინი მიანიშნებენ, რომ პარლამენტის გადაწყვეტილებებს ემხრობიან. ასეთი პოზიცია გამოთქვეს, კერძოდ, ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა. თავის მხრივ, რუსეთმა ღიად დაუჭირა მხარი მოლდოვაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბებას.

დღეს დემოკრატიულმა პარტიამ ოფიციალურად მოუწოდა თავის ოპონენტებს, კრიზისიდან გამოსავლის მოსაძებნად მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp