ვინ იქნებიან ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური გუნდის წევრები

ირაკლი ოქრუაშვილი, გუბაზ სანიკიძე, კოტე კემულარია და ვალერი გელბახიანი ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან.

როგორც საქართველოს პირველ არხს გუბაზ სანიკიძემ განუცხადა, პოლიტიკურ გაერთიანებას „გამარჯვებული საქართველო“ ერქმევა. პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ ხვალ, 15:00 საათზე გაიმართება.

„ვფიქრობ, საშემოდგომოდ დიდი ყრილობა მოვიწვიოთ. მანამდე ვაპირებთ, ჩვენს მოქალაქეებთან ურთიერთობას და ყველა იმ საპროტესტო მარშის კოორდინირებას, რაც ქვეყანაში არის, რადგან ქვეყანას აქვს ძალიან მძიმე გამოწვევები წინ“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

კოტე კემულარიას თქმით კი, ახალ პოლიტიკურ გაერთიანებაში იქნებიან როგორც ახალგაზრდები, ასევე გამოცდილი ადამიანები და ძველი პოლიტიკოსები.

„ბევრი ვიმსჯელეთ, მივედით დასკვნამდე, რომ ქვეყანა ძალიან ცუდ დღეშია, არასწორი გზით ვითარდება. ამას ამბობს მოსახლეობის 73 პროცენტი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ სერიოზულად, რომ შეიცვალოს ბიძინა ივანიშვილის მმართველობა და ხალხს დავუბრუნოთ ძალაუფლება. ჩვენს მოძრაობას ერთი ლიდერი არ ეყოლება, ბევრი ლიდერი ვართ“, – აღნიშნა კოტე კემულარიამ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp