თბილისი მუშაობს, რათა Airbnb-ის გადაწყვეტილება ამერიკულ სანქციებს დაექვემდებაროს


ქართული მხარე აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ამერიკული კომპანია Airbnb–ის გადაწყვეტილება აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ სამართლებლივ აქტებს დაექვემდებაროს.

Airbnb ვებ–პლატფორმაა, რომლის დახმარებითაც მრავალ ქვეყანაში ნებისმიერ მსურველს ბინის დაჯავშნა შეუძლია. კომპანია მსოფლიოს 191 ქვეყნის 81 000-ზე მეტ ქალაქში ოპერირებს.

ინტერნეტ-პლატფორმა ვიზიტორებს “აფხაზეთის ულამაზეს სანაპიროზე მისაღებ ფასად დაუვიწყარი დროის გატარებას” სთავაზობს. დასვენების მსურველებს ელიან სოხუმიც, გაგრაც, ბიჭვინთაც. Airbnb-ზე განთავსებულია გასაქირავებელი ოთახების, ბინების, სახლების ფოტოები. ფასები გასაქირავებელი უძრავი ქონების შესაბამისად მერყევობს. ერთი ადამიანისთვის ღამის გათევის ღირებულება 80 ამერიკული დოლარიდან იწყება. გამოხმაურებები ძირითადად რუსულენოვანია.

2019 წლის იანვარში Airbnb-მ განაცხადა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიღებულ განცხადებებს წაშლიდა, 9 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კი ნათქვამია, რომ Airbnb სადავო ტერიტორიებიდან განცხადებებს კვლავაც მიიღებს.

ოპოზიცია ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამზადებს რეზოლუციის პროექტს, რომლითაც საქართველოს მთავრობას დაევალება, ევროპის კავშირის ქვეყნებსა და აშშ-ს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი  კომპანიების წინააღმდეგ სანქციების შემოღების თხოვნით მიმართოს.

„რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში „Airbnb” არ ოპერირებს, რადგან უკრაინამ რუსეთისათვის საერთაშორისო სანქციების დაწესება მოითხოვა და ჩვენც იგივე უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა გიორგი კანდელაკმა.

„აქცენტმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ–ში საქართველოს საელჩოს მიმართა. მის ოფიციალურ კომენტარში ვკითხულობთ:

„airbnb–ის ინფორმაციით, კომპანიას მოუწია პოლიტიკის გადახედვა გლობალური მასშტაბით მომჩივან მხარეებთან იურიდიული შეთანხმების საფუძველზე. კომპანიამ შეგვატყობინა, რომ აღნიშული გადაწყვეტილება არ ეხება ცალკე საქართველოს რეალობას, არამედ სადავო ტერიტორიების საკითხისადმი ერთიანი პოლიტიკა ჩამოაყალიბეს, რომელშიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები სხვა არაღიარებულ ტერიტორიებთან ერთად განიხილეს. საელჩო აგრძელებს აქტიურ მუშაობას კომპანიასთან, რათა მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ პოლიტიკა დაეფუძნოს აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ სამართლებლივ აქტებს და საერთაშორისო სამართალს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით“.

მსგავსი კომენტარი მოაწოდა "აქცენტს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც:

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება მოხდა კომპანიის ზოგადი მიდგომების ცვლილების კონტექსტში.  ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი საკითხის ხელახალი განხილვისა და შექმნილი ვითარების გამოსწორების მიზნით, რომლის შედეგებსაც გაცნობებთ დამატებით. ამასთან, შეგახსენებთ, რომ, სწორედ აქტიური დიპლომატიური ძალისხმევის შედეგად  მიმდინარე წლის იანვარში მოხერხდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, როგორც ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებში მდებარე ბინების აღება Airbnb-ის საიტიდან“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
მერვე სართულიდან სამი წლის ბავშვი გადმოვარდა