შოკად შეფასებული რეგულაცია დღეიდან ამოქმედდება: ბიზნესმენები პრემიერს მიმართავენ

სახელმწიფოსა და ბიზნესმენებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, შესაბამისად, 12 ივნისიდან ამოქმედდება ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომლის თანახმადაც, კომპანიებს იმპორტის გადასახადების გადახდის ვადა მნიშვნელოვნად შეუმცირდებათ. კერძოდ, მინისტრის გადაწყვეტილებით, "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება "ოქროს სიის" მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა).

ბიზნესმენები ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებას არამეგობრულად აფასებენ და ბრძანების ამოქმედების გნივრული ვადით, მინიმუმ ექვსი თვით გადავადებას ითხოვენ.

"თუ ბიზნესს, როგორც ადგილობრივს, ისე უცხოურს, სახელმწიფო არის არაპროგნოზირებადი მთავრობა არის არაპროგნოზირებადი და ხვალ უცებ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამის პროგნოზირება წინასწარ რთულია, ეს დამატებით პრობლემებს შექმნის ინვესტირებასთან დაკავშირებით... სახელმწიფო იმის მაგივრად რომ აგვარებდეს პრობლემებს და ამცირებდეს, ხელოვნურად ქმნის მათ,"-აცხადებს გადასახადის გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი გიგლა მიქაუტაძე.

ბიზნესმენებსა და ფინანსთა მინისტრი და ბიზნესომბუდსმენი ორი დღის წინ შეხვდნენ, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, შეთანხმება ვერ შედგა. ამ ფონზე ბიზნესმენები ხარჯების ზარდას და  თანამშრომლების შემცირებას პროგნოზირებენ.  

„შედეგი არის ის, რომ ჩვენ მეტი ფინანსური სახსრის მოზიდვა მოგვიწევს, რაც გულისხმობს იმას, რომ სესხი უნდა ავიღოთ და შესაბამისად სესხის აღების შემთხვევაში ის ხარჯები, რომელიც გვექნება უნდა შევამციროთ.  ანუ ეს იქნება თანამშრომელთა შემცირებით თუ პროდუქციის ნაკლები რაოდენობით შემოტანის სახით,“-აცხადებს "ბრითიშ ამერიქან თობაქოს” კორპორატიული დირექტორი ზვიად ცხვიტარიძე.

რეგულაციების გადავადების მიზნით პრემიერს მიმართავს ბიზნესომბუდსმენი.

„ჩვენ გვაქვს მომართვა დაახლოებით 6 ბიზნეს ასოციაციის, სადაც ერთ-ერთ მთავარ საკითხად დაფიქსირებულია შემდეგი, რაც გულისხმობს კომუნიკაციის გარეშე ცვლილების მიღებას, რაც გარკვეული კატეგორიის კომპანიებს უქმნის პრობლემას ფინანსურ მოდელში, ამიტომ ჩვენ მივმართავთ პრემიერ-მინისტრს, რომ ბიზნესის ეს მოთხოვნა იქნას გათვალისწინებული, რომ გარკვეული გონივრული ვადა არსებობდეს იმისთვის, რომ კომპანიებმა შეძლონ გადაწყობა და ადაპტირება ცვლილებებისთვის,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ცნობისთვის: ახალი ბრძანების შესახებ, რომელიც 31 მაისს არის მიღებული, რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. აღმოჩნდა, რომ მთავრობის წარმომადგენლებს ბიზნესმენებთან კომუნიკაცია არ ჰქონიათ. 

"ასეთი გაუფრთხილებლობა პირველი იყო ჩვენთვის. სულ გვქონდა კომუნიკაცია. ამას სულ ნახევარსაათიანი პრეზენტაცია სჭირდებოდა. ეს ჩემთვის შოკი იყო...კომფორტულიდან არაკომფორტულ სიტუაციაში გადავდივართ" ,– აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp