სოფლის განვითარების სტრატეგიის განხილვის მიზნით შეხვედრა გაიმართა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის საჯარო განხილვის მიზნით გამართული შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, უმნიშვნელოვანესია სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგიების გაერთიანების შედეგად მიღებული ახალი სტრატეგიის სამუშაო ვერსიის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განხილვა, რაც საჯაროობის პრინციპის დაცვით, სრულყოფილი დოკუმენტის შემუშავებას უზრუნველყოფს.

როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, სტრატეგიის სამუშაო ვერსია მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებს - სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო სექტორების კონკურენტუნარიანობის ამაღლება, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაცია ასევე, სურსათის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის სისტემების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ღონისძიებაზე სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების 2021-2027 წლების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებების პრეზენტაცია პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ეკატერინე ზვიადაძემ წარმოადგინა.

შეხვედრა საინტერესო დისკუსიით დასრულდა, რომელსაც სამთავრობო, არასამთავრობო, სამოქალაქო სექტორის, დონორი ორგანიზაციების და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp