ახალგორში 9 ივნისის “არჩევნების” წინა დღეს განახლებული პასპორტიზაცია შეწყდა

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ახალგორის რაიონში 9 ივნისის ე.წ. საპარლამენტო არჩევნების წინა დღეს განახლებული პასპორტიზაცია ორ დღეში შეწყდა.

ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ე.წ. საპასპორტო მაგიდის განყოფილებაში მისულ მსურველებს ისტუმრებენ პასუხით, “დროებით შეჩერებულია – ვითარება ჩაწყნარდესო”.

“ამ პასუხით უშვებენ საპასპორტოში მისულ მოქალაქეებს. რა სიტუაციის ჩაწყნარებაზეა საუბარი - არ ვიცი, აქ სიმშვიდეა... ამის მერე კიდევ ვინმე იტყვის, რომ არჩევნების წინა დღეს გაცემული პასპორტები “დაგროვებული” იყო და მაინცდამაინც დასვენების დღეებში, არჩევნების წინა დღეს გაახსენდათ მათი გაცემა?! გასცენ, თუ ეს არ იყო სავარაუდო მოსყიდვა, რასაც მეც ვაპროტესდებდი, სხვათაშორის” - წერს მეარაყიშვილი.

ცნობისთვის: ახალგორის ოკუპირებული რაიონის ქართველებით დასახლებულ ნაწილში ოსური ე.წ. პარლამენტის დე ფაქტო მაჟორიტარი დეპუტატი დამოუკიდებელი კანდიდატი ზაზა დრიაევი გახდა.

რაც შეეხება მის მეტოქეებს, კანდიდატი სახელისუფლებო პარტია „Единая Осетия”-დან სპარტაკ დრიაევი, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ხრიკების გამოყენების მიუხედავად, 214 ხმას დასჯერდა, ხოლო ოპოზიციონერი კანდიდატი დე ფაქტო ექს–პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის პოლიტიკური ძალიდან - მხოლოდ 50 ხმას.

მმართველმა პარტიამ დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნები ჯავაშიც წააგო. სხვა ყველგან, დე ფაქტო ცსკ-ის მონაცემებით, მმართველი ძალა მოგებულია. 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი დე ფაქტო არჩევნები, რომელიც შერეული  - მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდა.

საარჩევნო დღეებისთვის ცხინვალს დე ფაქტო საზღვარი ჩაკეტილი ჰწონდა. დღეს დილიდან მისი კვეთა აღდგა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp