იოზვიაკი – შეჩერების მექანიზმზე: „ბოლომდე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ამ მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება“

„რადიო თავისუფალების“ ევროპული ბიუროს ჟურნალისტი რიკარდ იოზვიაკი მიიჩნევს, რომ საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის სტატუსის დაკარგვის მაღალი რისკის წინაშე ამჟამად არ დგას, თუმცა დარწმუნებული არ არის, რომ ქვეყანას ამ მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება.

ამის შესახებ იოზვიაკმა "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან"  საუბრისას განაცხადა. 

„არ ვფიქრობ, რომ საქართველო ვიზა ლიბერალიზაციის სტატუსის დაკარგვის მაღალი რისკის წინაშეა. თუმცა, ამავდროულად, დარწმუნებით ვერ ვამბობ ამას, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ წესებზე და რეგულაციებზეა საუბარი, მნიშვნელოვანია პოლიტიკის გათვალისწინებაც და ამ შემთხვევაში, ვიცი, რომ შესაძლოა ყველაფერი მოხდეს, როგორც წესი, უარყოფითი მიმართულებით. და რადგან პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რა აზრი ტრიალებს ამჟამად ევროკავშირის დიდ ნაწილში. ევროკავშირში ახლა დახურული საზღვრების, კონსოლიდაციისა და თვითგამორკვევის ეტაპი დგას. პოლიტიკა სწორედ ამას ასახავს და ასე იქნება უახლოეს მომავალშიც.

დარწმუნებული ვარ, რომ ის მოსაზრებები, რაც შვედეთიდან და საფრანგეთიდან საქართველოს ვიზა ლიბერალიზაციის პრობლემებთან დაკავშირებით ისმის, სწორედ ამ კონტექსტს ასახავს. ისინი ამას ღიად არასდროს იტყვიან, მაგრამ ვფიქრობ ამ ქვეყნების მთავრობები ცდილობენ ისეთი კრიტიკის თავიდან აცილებას, რომ მათ იმიგრაციასთან დაკავშირებით ზედმეტად რბილი პოლიტიკა აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ უვიზო რეჟიმის მიმოსვლით მოსარგებლე საქართველოს მოქალაქეები იმიგრაციასთან არანაირ კავშირში არ არიან, მსგავს ნიუანსებს შორის განსხვავება მოქალქეების უმეტესობისთვის ცნობილი არ არის.

თუმცა, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ პრობლემა არ არსებობს და რაც შემიძლია დავასკვნა არის ის, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქართული კრიმინალური დაჯგუფებების მცირე რაოდენობაზე ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში. ეს ჯგუფები ჯერ–ჯერობით არ წარმოადგენენ გაზრდილ საფრთხეს წევრი ქვეყნების უსაფრთხოებისთვის, შესაბამისად ამ საფუძველზე შეჩერების მექანიზმი ამ ეტაპზე არ ამოქმედდება. შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისათვის ასევე არ არსებობს სხვა საფუძველი, როგორებიცაა მნიშვნელოვანი ზრდა სავიზო ვადის დარღვევის, გაზრდილი უარის მაჩვენებელი შენგენის ზონაში შემსვლელი პირებისათვის და გაზრდილი რაოდენობა თავშესაფრის განაცხადის, რომელსაც აქვთ დაბალი აღიარების მაჩვენებელი. თუმცა, რადგან აღქმა იმისა თუ რა წარმოადგენს ‘გაზრდილ რისკს წევრი სახელმწიფოებისათვის’ უფრო მეტად პირობითია, არსებობს შანსი რომ წევრი სახელწმიფოებმა ამ საფუძველზე გამოიყენონ შეჩერების მექანიზმი. შესაბამისად, ბოლომდე დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს ამ მიმართულებით საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა იოზვიაკმა. 

Facebook Twitter Email Viber WhatsApp