თურქეთი აშშ–ს გადაწყვეტილებას მუქარად აღიქვამს

თურქეთი „მიუღებელ მუქარად“ აფასებს, აშშ–ის  წარმომადგენელთა პალატის რეზოლუციას, რომელიც ანკარისთვის სანქციების დაწესებას ითვალისწინებს, თუ ეს უკანასკნელი რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ებს შეიძენს.

„აშშ წარმომადგენელთა პალატამ გუშინ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ უსამართლო და უსაფუძვლო ბრალდებებს შეიცავს. ეს რეზოლუცია შეურაცხმყოფელია როგორც თურქეთის საგარეო პოლიტიკისთვის, ასევე სასამართლო სისტემისთვის. გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ორმხრივი ნდობის გაძლიერებას კი არ ემსახურება, არამედ – მუქარის ენას, სანქციების და სხვადასხვა ხელოვნური ვადების დაწესებას, მიუღებელია“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული რეზოლუციის ინიცირება მიმდინარე წლის მაისში მოხდა. იგი თურქეთისთვის სანქციების დაწესებას უკვე ივლისისთვის ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ რუსულ S-400–ებს შეიძენს.  

„აქ არჩევანი გას შავსა და თეთრს შორის. ან ბატონი ერდოღანი გააუქმებს რუსეთთან შეთანხმებას, ან არ გააუქმებს. გამორიცხულია, თურქეთს შეიარაღებაში რუსულ S-400–ებთან ერთად ამერიკული F-35–ებიც ჰქონდეს. მესამე ვარიანტი არ არსებობს“, – განაცხადა  აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თანათავმჯდომარემ ელიოტ ენგელმა.

ცნობისთვის:   თურქეთს რუსული წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა S-400–ების შეძენის პარალელურად, ამერიკული F-35–ის ტიპის 100 ავიაგამანდგურებლების შეძენაც სურს. 

გასული თვის ბოლოს CNBC იუწყებოდა, რომ აშშ–მა თურქეთს დაახლოებით ორკვირიანი ვადა მისცა იმისათვის, რომ არჩევანი გააკეთოს S-400–ების შეძენასა და ამერიკულ სანქციებს შორის.  

რუსეთის მიერ თურქეთისთვის დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარის S-400–ების მიწოდების შესახებ კონტრაქტს ანკარამ და მოსკოვმა 2017 წელს მოაწერეს ხელი. მიწოდება 2020 წლის გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მხარეებმა მოილაპარაკეს, ეს უკვე მიმდინარე წლის ივლისში მოხდეს. ამ გარიგებამ თურქულ– ამერიკულ ურთიერთობებში დაძაბულობა გამოიწვია. ვაშინგტონი შიშობს, რომ კრემლის ხელში შეიძლება, აღმოჩნდეს დახურული ინფორმაცია F-35 –ების შესახებ, რომლებიც NATO-სთვის იწარმოება.  გარდა ამისა, აშშ ყურადღებას ამახვილებს S-400 - ების შეუთავსებლობაზე NATO-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან. გარდა ამისა, დღეს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონმა მიიღო გადაწყვეტილება, აღარ გაწვრთნას თურქი პილოტები F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp