"პოლიტიკურად სწორი მგონია, შემდეგი მოწვევის პარლამენტიც ჩაერთოს უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში“

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი  თამარ ჩუგოშვილი იზიარებს ვენეციის კომისიის დასკვნის იმ ნაწილს, რომლის თანახმად, უზენაესი სასამართლო ერთი მოწვევის პარლამენტმა სრულად არ უნდა დააკომპლექტოს.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრისას განაცხადა.

"ჩვენ მივიღეთ ასეთი მოცემულობა, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერის გამო და იმის გამო, რომ დღეს უზენაესის მოსამართლეების რაოდენობა მინიმუმამდეა დასული, ცოტა ხანში მხოლოდ 8 მოსამართლე დაგვრჩება, სისხლის მოსამართლე საერთოდ არ გვყავს, შესაბამისად, დიდი დოზით მოსამართლეები არიან დასანიშნი, ამიტომ, მე მივემხრობოდი იმ პოზიციას, რომ რაც არის სასამართლოს ნორმალური, ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის საჭირო, ეს გადაწყვეტილებები დროულად მიიღოს პარლამენტმა და სხვებზე არ იჩქაროს. მათ შორის, ვაკანსიებიც დატოვოს იმისთვის, რომ შემდეგი მოწვევის პარლამენტიც ჩაერთოს ამ პროცესში. მე პოლიტიკურად ეს მგონია სწორი", – განაცხადა ჩუგოშვილმა, თუმცა იქვე დასძინა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში ეს ჩანაწერი სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება და პოლიტიკური განცხადებაა.

ცნობისთვის: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშნვისა და არჩევს თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნა გუშინ გამოქვეყნდა.

კომისია მმართველი გუნდის მიერ სასამართლოს სრულად, ოცივე მოსამართლით დაკომპლექტებას "ექსტრაორდინალურს" უწოდებს: 

"საქართველოს უზენაეს სასამართლოს ეყოლება მოსამართლეთა ახალი შემადგენლობა, დანიშნავს რა 18-20 ახალ მოსამართლეს უვადოდ, პენსიაში გასვლამდე. ახალი კონსტიტუცია ამაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას პარლამენტს აკისრებს. ეს გულისხმობს, რომ დღევანდელ საპარლამენტო უმრავლესობას პრაქტიკულად ევალება ახალი უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება, რომლის შემადგენლობა მომდევნო 20-30 წლის პერიოდში შესაძლოა, უცვლელი დარჩეს. ეს ძალიან უჩვეულო და ექსტრაორდინალური სიტუაციაა".

ვენეციის კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ პარლამენტმა მხოლოდ იმ რაოდენობის მოსამართლეები უნდა დანიშნოს, რაც უზენაესი სასამართლოს მუშაობისთვის აუცილებელია. 

კომისიის საკვანძო რეკომენდაციები:

  •  კანდიდატი რაც შეიძლება, ასაკოვანი და გამოცდილი, ასევე დამოუკიდებელი უნდა იყოს;
  •  არამოსამართლე კანდიდატის მიმართ მოთხოვნა, რომ მას აუცილებლად ჰქონდეს ჩაბარებული სასამართლო კვალიფიკაციის გამოცდა, უნდა გადაიხედოს;
  • იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ფარული კენჭისყრა უნდა გაუქმდეს. კანდიდატების კვალიფიკაციის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და პროცედურა ეფუძნებოდეს ობიექტურ კრიტერიუმებს. კანდიდატები რანჟირებულები უნდა იყვნენ იმ ქულების მიხედვით, რომელსაც შეფასების პროცედურის შედეგად მიანიჭებენ. ეს შექმნის შესაძლებლობას, პარლამენტს დასამტკიცებლად საუკეთესო კანდიდატები წარედგინოს.
  • კანდიდატების არჩევისა და დანიშნვის გადაწყვეტილებები უნდა საჩივრდებოდეს ორგანული კანონის 354-ე მუხლის გათვალისწინებით.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, რომლის კანდიდატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე განიხილება, სრულად უნდა იყოს გამიჯნული კანდიდატების შერჩევისა და წარდგენის ყველა პროცედურისგან.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისი – თუ ავსტრიაში აფხაზურ-ავსტრიული საზოგადოების დარეგისტრირება დადასტურა, ეს კერძო ინიციატივა იქნება