ანაკლიის პორტის პროექტი საქართველოსთან დაკავშირებული პრორუსული დეზინფორმაციის ეპიცენტრში

კრემლიდან მართული მედია საშუალებები მიზანს ვერ აღწევენ

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოსთან დაკავშირებული პრორუსული დეზინფორმაციის ეპიცენტრში

საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხი კიდევ ერთხელ მოხვდა კრემლის დეზინფორმაციული წყაროების ეპიცენტრში, თუმცა, ანტი-დასავლური სენტიმენტების გაღვივების მცდელობა კრახით დასრულდა, ან, საუკეთესო შემთხვევაში, დეზინფორმაციამ აუდიტორიაზე მხოლოდ მცირე გავლენის მოხდენა შეძლო.

მოსკოვი საქართველოს თავისი დეზინფორმაციის გავრცელების სფეროში საცდელ ლაბორატორიად,  სულ მცირე, 2008 წლის აგვისტოს შემდეგ იყენებს, რა დროსაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილის ოკუპირების მიზნით, საქართველოს წინააღმდეგ მიმართა ე.წ. „ჰიბრიდულ საბრძოლო საშუალებებს“ და გამოიყენა როგორც სამხედრო, ისე საინფორმაციო საშუალებები. რუსეთი საქართველოს და მის ახლო ურთიერთობას ამერიკასთან განიხილავს, როგორც კიდევ ერთ ფრონტს საკუთარ კამპანიაში, რომლის ძირითად მიზანს თავის მეზობელ ქვეყნებში დასავლეთის გავლენის შესუსტება წარმოადგენს.     

ბოლო ორი თვის განმავლობაში, პორტის მშენებლობის პროექტმა კიდევ ერთხელ მიიქცია პრო-რუსული ძალების განსაკუთრებული ყურადღება. შესაძლოა, ეს ფაქტი უკავშირდებოდეს იმ დროს პროექტთან დაკავშირებული მოვლენების  ორი მიმართულებით განვითარებას, რომელმაც რუსეთის დიდი ინტერესი გამოიწვია. პირველი მოვლენა იყო ის, რომ 2019 წლის 9 იანვარს გენერალურმა პროკურატურამ ფულის გათეთრების ბრალდებით, პროექტის ძირითადი ფინანსური მხარდამჭერის, TBC ბანკის წინააღმდეგ, გამოძიება დაიწყო. TBC ბანკმა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდება უარყო. რამდენიმე დღის შემდეგ კი, ერთ-ერთმა ქართულმა პრო-რუსულმა საინფორმაციო პლატფორმამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც TBC ბანკი  ანაკლიის პროექტის დამფინანსებელი ბანკი ქართულ-ამერიკულ კონსორციუმად მოიხსენია, ხოლო ანაკლიის პორტს საბოლოოდ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ბაზად გადაქცევა უწინასწარმეტყველა.

მეორე ფაქტორი, რომელმაც რუსეთის შეშფოთება გამოიწვია, უკავშირდება იმ ფაქტს, რომ 2019 წლის 21 იანვარს, ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდი,   „არლი ბიორკის“ კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი „დონალდ კუკი“ შემოვიდა და საქართველოს საზღვაო ძალებთან ერთად წვრთნებში მიიღო მონაწილეობა. იმავე დღეს, რუსულმა „სპუტნიკმა“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც  ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ნატოს საქართველოს მილიტარიზაციაში დასდო ბრალი. 

ნარატივი, რომელსაც კრემლიდან მართული ძალები  საქართველოსთან მიმართებაში იყენებენ, მიზნად ისახავს საქართველოში ანაკლიის პორტთან დაკავშირებით უარყოფითი განწყობის გამოწვევას. თუმცა, DFRLab-ის კვლევის მიხედვით, აშკარაა, რომ მცდელობის მიუხედავად, მათ მიერ აგორებული დეზინფორმაციის ტალღა წარუმატებელი აღმოჩნდა. მედია საშუალებებსა თუ ინტერნეტ გვერდებს, რომლებიც კრემლის ნარატივს ავრცელებენ, გავრცელების შეზღუდული არეალი და გავლენა აქვთ. უფრო მეტიც, როდესაც საქართველოს ინტერნეტ-მომხმარებლები ასეთ ინფორმაციას აწყდებიან, მათთვის რთული არ არის მიხვედრა, რომ ეს დეზინფორმაციაა და რუსეთის მიერ მართული საინფორმაციო საშუალებებიდან მოდის. 

 

საქართველოსა და ევრო-ატლანტიკური ალიანსისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობა

 

ჟურნალ „ეკონომისტის“ მიხედვით, ანაკლიის პორტის მშენებლობის შემდეგ, ის შავი ზღვის სანაპიროზე უდიდესი პორტი იქნება და ის ფაქტი, რომ პორტი საშუალებას მისცემს საქართველოს მიიღოს საკონტეინერო გემები, ქვეყნის სტრატეგიულ როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელ გზაზე საგრძნობლად გაზრდის. 

ანაკლიის პორტის მშენებლობა მოსკოვის შეშფოთებას რამდენიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მიზეზის გამო იწვევს. პირველი მიზეზი ისაა, რომ პორტი დიდ კონკურენციას გაუწევს რუსეთის შავი ზღვის პორტებს, მეორე კი ის, რომ ანაკლია რუსეთისთვის არაკომფორტულ ზონაში - მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების, კერძოდ კი, აფხაზეთის ახლოს მდებარეობს.  მესამე მიზეზად შეგვიძლია დავასახელოთ ის ფაქტორი, რომ ანაკლიის პორტი ევრო-ატლანტიკურ სივრცესა და მის ფარგლებს გარეთ  საქართველოს გეო-პოლიტიკურ პოზიციებს გაამყარებს და ამის შედეგად,  საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის განმეორების შემთხვევაში,  მეგობარი ქვეყნები საქართველოს მხარდასაჭერად დაუბრკოლებლად შემოვლენ ანაკლიის პორტში, რადგან ღრმაწყლოვანი პორტი ამის ტექნიკურ საშუალებას იძლევა.  ზემოთ ჩამოთვლილი სამივე ფაქტორი რუსეთის გავლენას შავი ზღვის რეგიონში მნიშვნელოვნად  შეამცირებს.     

 

დეზინფორმაციის პირველი ტალღა და პროექტის მიზანი

 

პროექტის მიხედვით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საწყისი ეტაპი 2016 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა ფინანსური სირთულეების გამო გადაიდო. 2016 წელს რუსეთის სახელმწიფო მედია საშუალებებმა დაიწყო ცრუ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, რომ პროექტის რეალურ მიზანს ანაკლიაში აშშ-ის სამხედრო საზღვაო პორტის მშენებლობა წარმოადგენდა, სადაც ამერიკული სამხედრო წყალქვეშა ხომალდების განთავსება „ამერიკას საშუალებას მისცემს შავ ზღვაზე საკუთარი კონტროლი დაამყაროს.“  

  

„რია ნოვოსტის“ სტატია 2016 წლის 16 ნოემბერს ექსპერტის ციტატას აქვეყნებს, სადაც ის აშშ-ს ბრალს დებს იმაში, რომ ის ანაკლიის პორტის საკუთარ სამხედრო-საზღვაო ბაზად გამოყენებას ცდილობს, ხოლო  „სპუტნიკის სტატია აშშ-ს იმავე ბრალდება  2016 წლის 5 ოქტომბერს უყენებს. 

 

დეზინფორმაციის უახლესი  ტალღა და ძირითადი ნარატივი ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით

 

ანაკლიის მშენებლობის პროექტი კრემლის მიერ მართული მედიის ყურადღების ქვეშ კიდევ ერთხელ 2019 წლის იანვარში ორი მოვლენის შემდეგ მოხვდა: 2019 წლის 9 იანვარს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ანაკლიის პორტის პროექტის ფინანსური ძირითადი მხარდამჭერის, TBC ბანკის წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით  აღძრა საქმე. მეორე მოვლენა  ბათუმში აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდის, სარაკეტო გამანადგურებელი „დონად კუკისა“  და საქართველოს შშს სასაზღვრო პოლიციის დაცვის მონაწილეობით ერთობლივი საზღვაო უსაფრთხოების საწვრთნელ პროგრამას უკავშირდება.

 

ინტერნეტ-საშუალების,  „Sysomos“ გამოყენებით,  რომელიც სოციალური მედიის ჩართულობას ამოწმებს, DFRLab-მა გამოიკვლია, რომ ერთი წლის განმავლობაში,   2018 წლის 21 თებერვლიდან 2019 წლის 20 მარტამდე, მედიასაშუალებებმა ქართულ ენაზე „ანაკლიის პორტი“  231-ჯერ ახსენეს. ყოველდღიურად „ანაკლიის პორტის“ ხსენება ახალ ამბებში  2019 წლის იანვრის პირველ ნახევარში გაიზარდა, ხოლო პიკს კი 18 თებერვალს მიაღწია და  წინა წლების მონაცემებთან შედარებით, მაღალი აქტიურობა შეინარჩუნა.  

 

საქართველოში ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა საშუალებით მიმდინარეობს, მათ შორისაა  მედია პორტალები, პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო ორგანიზაციები და ინდივიდები. მედია განათლების მიმართულებით მომუშავე ქართული არაკომერციული ორგანიზაციის, „მედიის განვითარების ფონდის“ მიხედვით, ანტიდასავლური განწყობის გავრცელების კუთხით ყველაზე დიდი აქტიურობით ონლაინ საინფორმაციო სააგენტო „საქინფორმი“ გამოირჩევა.  2017 წელს   სააგენტოს ჟურნალისტებმა და 181 ანტიდასავლური შინაარსის ინფორმაცია  განათავსეს და დამატებით, საზოგადოების წარმომადგენლების  60 ანტი-დასავლური ინტერვიუ გამოაქვეყნეს. ამ მხრივ, აქტიურობით მეორე ადგილს ამბების ანტი-დასავლური მიმართულებით 94-ჯერ გაშუქებითა და აუდიტორიისგან მიღებული  233 ანტიდასავლური გამოხმაურებით „ტვ ობიექტივი“  იკავებს. ეს ორი საინფორმაციო საშუალება ანაკლიის პორტის შესახებ პრორუსული ნარატივითაც გამოირჩევა.

2019 წლის იანვრის პირველი ნახევრიდან იმ დროის განმავლობაში, როდესაც ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია განსაკუთრებით ხშირად ისმოდა მედია საშუალებებით,  „საქინფორმმა“ და „ტვ ობიექტივმა“ დეზინფორმაცია სამი ძირითადი მიმართულებით გაავრცელა: პირველი, რომ მშენებლობის დასრულების შემდეგ ანაკლიის პორტი ნატოსა და აშშ-ის სამხედრო საზღვაო ბაზის ფუნქციას შეასრულებს; მეორე, რომ ანაკლიის პორტის პროექტი მხოლოდ პოლიტიკურ და სამხედრო მიზნებს ემსახურება და საქართველოს განსაკუთრებულ ეკონომიურ სარგებელს არ მოუტანს,  და მესამე - იმის გამო, რომ რადგან აღნიშნული მშენებლობა რუსეთისთვის მიუღებელია, რუსეთი ამ პროექტის განხორციებებას არ დაუშვებს.  ზემოთ ჩამოთვლილი სამი ძირითადი ნარატივი იმეორებს იმ განცხადებებს, რომელსაც პრო-რუსული მედია აკეთებდა 2016 წელს.

 

დასკვნა

2019 წლის იანვარში კრემლის მიერ მართულმა ძალებმა განახლებული ინტერესი გამოხატეს  ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტის მიმართ.  მათ მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია იმეორებს იმ პათოსს, რომლითაც საუბრობდა პრო-რუსული მედია  2016 წელს, როდესაც, პროექტის მიხედვით, პორტის მშენებლობის დაწყება იყო დაგეგმილი. ახალი ძალით შემოტევის მოუხედავად, მათ ინტერნეტ სივრცეში ფართო აუდიტორიის ყურადღება ვერ დაიმსახურეს.

პრო-რუსულმა ძალებმა საქართველოში გაავრცელეს დეზინფორმაცია ანაკლიის პორტის დანიშნულებისა და პროექტის  მნიშვნელობის შესახებ. მათი კამპანიის საბოლოო მიზანი საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენა და რუსეთის ინტერესების გატარება იყო. რამდენად ეფექტური გამოდგა მათი ძალისხმევა?

ორი ქართული მედია საშუალება - „საქინფორმი“ და „ტვ ობიექტივი“ წარმოადგენს ქვეყანაში ყველაზე აქტიურ დეზინფორმატორსა და ანტი-დასავლური ნარატივის გამავრცელებელს, თუმცა, იმის გამო, რომ მათ საკმაოდ მცირერიცხოვანი აუდიტორია ჰყავთ, მათი დეზინფორმაცია მხოლოდ მცირე რადიუსზე ვრცელდება. შედეგად,  მათ მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების საგრძნობლად მცირე ნაწილი ფლობს.

ეთო ბუზიაშვილი

მკვლევარი

Digital Forensic Research Lab (@DFRLab)

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჭიდაობის ფედერაცია სკანდალურ შეწყალებას და ბრალდებებს განცხადებით ეხმიანება