ზვიად კუპრავა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე დაკავებულ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა პატიმრობაში დატოვა. 

კუპრავას თავდებში უდგებოდნენ პარლამენტის წევრები: რომან გოცირიძე, ნიკა მელია, კობა ნაყოფია და მამუკა ჩიქოვანი. კუპრავას ასევე თავდებში უდგებოდნენ, ზაალ უდუმაშვილი და კობა ხაბაზი.

კუპრავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას მომდევნო სხდომაზე გამოაცხადებს. განაჩენი დღევანდელ სასამართლო სხდომაზე უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, პროკურორ ქეთევან გურაშვილის გამოუცხადებლობის გამო, გადაიდო.

ცნობისთვის: გამოძიების ვერსიით, 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). ამისთვის ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, იმ მიზნით, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენა და უზრუნველყოფილიყო სამართალდამცავ ორგანოში/სასამართლოში მისი გამოცხადება.

გამოძიების ცნობითვე, სასამართლოს უპატივცემულობის შემდეგ, გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, ვინაიდან მან თავი აარიდა სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას. გირაოს პირობების დარღვევის - ახალი დანაშაულის შესაძლო ჩადენის, სამართალდამცავ ორგანოში არგამოცხადების, მართლმსაჯულებისთვის თავის არიდების - გამო, სასამართლოს გადაწყვეტილებით მიმდინარე წლია 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp