როცა ხალხს არ უსმენ

კახეთში, სოფელ ძიბახევში გუშინ განვითარებულ მოვლენებს ალბათ, მთელი საქართველო უწყვეტ რეჟიმში ადევნებდა თვალს. პანკისის ხეობაში მომხდართან დაკავშირებით შეფასებები განსხვავებულია: ნაწილი საპროტესტო აქციის მონაწილეების ქმედებებითაა აღშფოთებული, ნაწილი - საქართველოს ძალოვანი უწყების. ერთადერთი, რაზეც ალბათ, ყველა თანხმდება, ისაა, რომ საქართველომ იხილა ძალზე დრამატული, მძიმე, შემაშფოთებელი მოვლენა, რომელიც ვნებების ჩაცხრობის შემდეგ ღრმად გაანალიზებასა და დასკვნების გამოტანას იმსახურებს. როგორ მივედით გუშინდელ დღემდე, იყო თუ არა შესაძლებელი მომხდარის თავიდან არიდება, არსებობს თუ არა სამომავლოდ პრობლემის დაძლევის რესურსი, რას ფიქრობენ პანკისში დღეს? - ამ და სხვა საკითხებზეაქცენტი“ სამოქალაქო აქტივისტს, პანკისის ხეობის მკვიდრ სულხან ბორძიკაშვილს ესაუბრა.  

- სულხან, როგორ მივედით გუშინდელ დღემდე?

- ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტი ხეობაში დიდი ხანია, არსებობს. ჩვენ გვინდოდა საუბარი მშენებლობის ნებართვის გამცემ გარემოს სამინისტროსთან და სხვა უწყებებთან, მაგრამ ყოველ ჯერზე საპასუხოდ ვიღებდით ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ განწყობილი მოქალაქეების პოლიციაში დაბარებასა და მსგავს ქმედებებს. ამან, ბუნებრივია, უარყოფითი განწყობა გამოიწვია. თავად სოფელ ბირკიანში ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი იყო მოსახლეობის უმრავლესობა. რამდენიმე აქციაც გავმართეთ და თითოეული მათგანი მაქსიმალურად მშვიდობიანი იყო. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც მოსახლეობასთან ძალის ენით არ საუბრობენ. გუშინდელ მოვლენებამდე ორი დღით ადრე იყვნენ მთავრობის წარმომადგენლები პანკისში ჩამოსული და მათ მიმართ ადგილობრვებს არანაირი აგრესია არ გამოუხატავთ... გუშინ შს მინისტრი ცდილობდა, სიტუაცია ისე წარმოეჩინა, თითქოს მოსახლეობას პოლიციის მიმართ აქვს განსაკუთრებული აგრესია. შესაძლოა, კონკრეტულ პირებს ჰქონდათ კიდეც, მაგრამ ეს ზოგადი და რეალური სურათი არაა.

გუშინ, როდესაც პირველ ეტაპზე სიტუაცია შედარებით ჩაწყნარდა და თელავში მოლაპარაკებები დაიწყო, ჩვენ ველოდით მათ დასრულებას. მოულოდნელად მოხდა დიდი ძალის მობილიზება, შემოვიდა 30–მდე მანქანა, იყო მძიმე ტექნიკაც, სავსე სპეცრაზმელებით. ამან ჩიხში შეგვიყვანა. ეს ხალხმა ერთგვარ პასუხად მიიღო, ისე აღიქვა, რომ ხალხი თელავში ტყუილად ჩაიყვანეს, არანაირ მოლაპარაკებებს არ გეგმავდნენ და ხელისუფლება ხალხის დასჯას ცდილობდა. აქაურებმა კედელთან მიმწყვდეულებად იგრძნეს თავი...

რა თქმა უნდა, გუშინ ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. შეუძლებელია, მოვიწონოთ  მანქანის გადაწვა და ა.შ., მაგრამ აქამდე არასწორმა მიდგომებმა მიგვიყვანა.

შს მინისტრმა გუშინ განაცხადა, "თუ მოსახლეობის 90% წინააღმდეგი იქნება, ჰესი არაშენდებაო", თითქოს მოლაპარაკებებისთვის არხი გახსნა. მანამდე თუ იყო ხელისუფლების მხრიდან მოსახლეობასთან ურთიერთობაში გამოყენებული ეს გზა?

- კარგით, თუ წინააღმდეგები ხართ, ავაშენოთ იქ, სადაც ძალიან არ გიშლით ხელს, – ასეთი მიდგომა კი არ იყო, უბრალოდ მოდიოდნენ, ხვდებოდნენ არა მოსახლეობას, არამედ კონკრეტულ ადამიანებს, მათ მოიაზრებდნენ პრობლემის მომგვარებლად და უბრალოდ ხალხის გადაბირებას ცდილობდნენ. არანაირი მსჯელობა. ამას თან ახლდა მოქალაქეების პოლიციის განყოფილებებში დაბარება. ანუ, მოქალაქეების ხმა არ ესმოდათ. ეს ძალიან არასწორი დამოკიდებულება იყო. როდესაც გუშინ შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდა მოსახლეობას, განაცხადა, "მხოლოდ 20%–ია ჰესის მშენებლობის წინააღმდეგი, 80% კი თანახმაო"... საიდან მოიტანა ეს ციფრები? მართლაც ბევრი სიკეთე ახლავს თან ჰესის მშენებლობას და ამ სიკეთეზე ხალხი ასე უბრალოდ არ იტყოდა უარს. ხომ უნდა დაინტერესდნენ, რატომ ამბობენ ამ სიკეთეებზე უარს? ეს მესიჯი მაინც ხომ უნდა მიიღო და გაერკვე, რომ ამ კონკრეტული ჰესის – „ხადორი 3“-ის თემა ძალიან მგრძნობიარეა ადგილობრივებისთვის და არანაირი სიკეთის ხარჯზე არ გეგმავენ მის მიღებას! ხელისუფლება და მშენებელი კომპანია კი ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს აქტივისტებს შეჰყავთ მოქალაქეები შეცდომაში... ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით და ვცდილობთ მოლაპარაკებას და არა იმას, რომ თავად გადავწყვიტოთ, რა სჭირდება და უნდა ხალხს, ჩვენ მათ განწყობას ვახმოვანებთ. ახლა კი ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს გუშინდელი მოვლენები მართული პროვოკაცია იყო...

რეალურად, ყველაზე დიდი პროვოკაცია გახლდათ ის, რომ მოხდა ამხელა ძალის მობილიზება. ვიმეორებ, არ ვამართლებ იმას, რაც გუშინ მოხდა, ეს იყო საშინელება, მაგრამ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგა. აუცილებლად ასეთი საშინელება უნდა მომხარიყო, შემდეგ რომ ეთქვათ, "თუ 90% წინააღმდეგი იქნება, ჰესი არ აშენდებაო"?! არ უნდა მომხდარიყო, უბრალოდ ხალხისთვის უნდა მოესმინათ.

ახლა პანკისში ძალიან ცუდი განწყობაა: ხალხი კონკრეტულ საკითხს აპროტესტებს - იმას, რომ შემოდის ნიღბიანი პოლიცია და მათ სცემს. მით უმეტეს, წინ თემირლან მაჩალიკაშვილის „ქეისი“ გვაქვს, რომელიც აქაურებს ჯერ მონელებული არ აქვთ... როდესაც ძალოვანები შემოდიან, ხალხი ფიქრობს, ჩვენს მოსაკლავად ან საცემად არიან მოსულებიო. ცხადია, ასეთ მომენტში ადამიანი კედელთან მიმწყვდეულად გრძნობ თავს და ცდილობ, სიტუაციიდან გამოძვრე.

- გუშინდელ ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე ინფრასტრუქტურის მინისტრი იმყოფებოდაპანკისში. შენ შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვე და განაცხადე, რომ შეურაცხყოფილად იგრძენითავი მაია ცქიტიშვილის დამოკიდებულებით...

ეს მოხდა 4 დღის წინ. იცით, მსგავს სიტუაციაში აღმოჩენას არც ერთ ადამიანს არ ვუსურვებ. ჯერ ერთი, ამ დახურულ შეხვედრაზე წარმოდგენილები იყვნენ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები, მმართველი გუნდის მომხრეები. მე სულ ორი საკითხი დავაყენე: შეხვედრაზე მედია შემოეშვათ და ხალხს გაჰსაუბრებოდნენ. ვთქვი, რომ გვყავს დამოუკიდებელი ექსპერტი, რომელიც გვეუბნება, რომ ჰესის მშენებლობას ბევრი უარყოფითი შედეგი ექნება; შევთავაზე, ექსპერტების დონეზე გაგვეარა ეს თემა, შეგვეჯერებინა უარყოფითი და დადებითი მხარეები და თუ ეს რეალურად კარგი იქნება ხეობისთვის, ეს სათანადოდ აგვეხსნა მოსახლეობისთვის, მერე კი მას გადაეწყვიტა. როდესაც ამაზე ვსაუბრობდი, მინისტრ ცქიტიშვილს ეცინებოდა, შემდეგ მითხრა კიდეც, „იცით, ძალიან მეღიმებოდა თქვენს საუბარზეო“. ამ დამოკიდებულების გამო დავტოვე შეხვედრა.

შემდეგ დამიკავშირდნენ და მითხრეს, "თანახმა ვართ, შევხვდეთ და დავილაპარაკოთო". ჩვენც თვის ბოლოსთვის ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდით, გვქონდა ადამიანებთან კომუნიკაცია, ვფიქრობდით, რომ არაფერი მოხდება მანამდე, რომ საკითხმა მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლა... გუშინ გავიხედეთ და დავინახეთ, რომ უკვე მთელი ამბავია!

წინა დღით მეუბნებოდნენ ადგილობრივები, "რაღაც ხდება, პოლიცია მოდისო", მაგრამ არ მჯეროდა, ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა ექნათ ეს, რაში სჭირდებოდათ...

 - შენი დაკვირვებით, ვის სჭირდებოდა გუშინდელი მოვლენები, ვინ მოიგო ამით?

- ჩვენ სპონტანურად მოგვიწია შეკრება. არ არსებობს ადამიანი, ვინც გუშინდელი მოვლენებით მოიგო. იქ არ არსებობდა მხარე. გულწრფელად მეცოდებოდნენ ბიჭები – სპეცრაზმელები, მათ არანაირი სურვილი არ ჰქონდათ მოსახლეობის ცემის. მხოლოდ ის გაიხარებდა, ვისაც პანკისში პროვოკაცია უნდოდა. პოლიციელებს, აქციის მონაწილეებს არაფერი მოგვიგია. შეგნებულად ვამბობ, ადგილობრივებს ძალიან დიდი მსხვერპლი დაუჯდათ და ამ მსხვერპლს საზოგადოება დაინახავს, როდესაც დაჭერები დაიწყება. ისევ რეპრესიები თუ არ დაიწყეს, გამორიცხულია, მოსახლეობის 90% დასთანხმდეს ჰესის მშენებლობას. ასეთი ამბები არ უნდა მომხდარიყო, ხალხის ხმა რომ გაეგოთ.

აქვე მინდა, ვთქვა, რომ მოსახლეობას აგრესია არა სახელმწიფოს და სახელმწიფო ინსტიტუტების, არამედ კონკრეტული პირების – მინისტრების, ძალოვანი უწყებების კონკრეტული წარმომადგენლების და ჰესის მშენებარე კომპანიის თანამშრომლების მიმართ აქვს.

თუ სოციალური ქსელით ვიმსჯელებთ, შს მინისტრის საუბრის ტონმა გამოიწვია მოქალაქეებისგაღიზიანება. ამ ტონმა, გუშინდელი კომუნიკაციის ფორმა რამდენად შეუწყო ხელი ვითარებისჩაწყნარებას?

- გუშინ, იმ დაძაბულ სიტუაციაში რეალურად არსებობდა მსხვერპლის საშიშროება, ამიტომ ყველანაირად გვსურდა დაძაბულობის განმუხტვა.  შს მინისტრთან შეხვედრაზე ერთადერთი მოთხოვნა დავაყენეთ – ხეობიდან გაეყვანა სპეცრაზმი და აქციაც დაიშლებოდა. დახურულ შეხვედრაზეც მინისტრს ძალიან ცუდი ტონი ჰქონდა, ძალაზე აქცენტირება – „ჩვენ უმკაცრესად დავსჯითო“.

გუშინ ბევრი ტექსტი წავიკითხე, "ადგილობრივები ძალიან აგრესიულები იყვნენო"... ვფიქრობ, მინისტრის აქცენტები ამ ხალხისთვის "კოჭის გაგორება" უფრო იყო, რადგან პანკისი არ არის ის ადგილი, სადაც ასე საუბარია საჭირო. ჩვენ დასაწყისშივე ვიცოდით, რომ პოლიცია ძალას გადაამეტებდა. ყველამ ვიცით, რომ პანკისში ძალოვანი სტრუქტურების მეშვეობით ცდილობენ ადამიანების მართვას.

ახლა დაიწყება დაჭერები და სიტუაციის „გაპრავება“. შესაძლოა, ამ ვითარებაში აქტივისტებიც მოვყვეთ. აქცია სამ ადგილზე იმართებოდა, მასში ძალიან ბევრი მოქალაქე მონაწილეობდა. თუ ახლა ყველას დაჭერას აპირებენ, არ მგონია, ეს გამოსავალი იყოს.

როდესაც მინისტრი გუშინ საუბრობდა ამაზე, კამათიც კი არ დაგვიწყია, რადგან მაქსიმალურად ორიენტირებული ვიყავით სიტუაციის განმუხტვაზე...

- ახლა როგორი განწყობაა ხეობაში?  გუშინდელმა მოვლენებმა უფრო გააღრმავა უნდობლობახელისუფლების მიმართ?

- გააღრმავა. მაგალითად, გუშინდელ აქციაზე „ქართული ოცნების“ პანკისელი აქტივისტები თავიდან არ იყვნენ, მაგრამ როდესაც ნახეს, რა ხდებოდა, აქციაზე. მოვიდნენ ჰესების მომხრე მოქალაქეებიც კი. უკმაყოფილება დიდია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
“აშშ-ის საელჩოს და ჩვენი გამოხმაურება იდენტური იყო”