შსს მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტზე ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შუალედური არჩევნების მეორე ტურის დროს, მე-18 საარჩევნო უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, უწყების ცნობით, 9 ივნისს, თბილისში, მერაბ კოსტავას N5-ში მდებარე N18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ა. ბ.-ს მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობის ფაქტზე, შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით.

„საქმეზე გამოკითხულ იქნა ა.ბ., რომელმაც განმარტა, რომ მე-18 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მობილური ტელეფონით ახორციელებდა ვიდეოგადაღებას, რის გამოც უკმაყოფილება გამოთქვეს იქ მყოფმა პირებმა, რაც ურთიერთშელაპარაკებაში გადაიზარდა. ხსენებულ დროს ა.გ.-მ ა.ბ.-ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ხელი შეუშალა მას ვიდეოგადაღებაში, რა დროსაც, მოწმე ა.ბ.-ს განმარტებით, მას შემთხვევით მოხვდა ა.გ.-ს ხელი სახის არეში.

ზემოაღნიშნულ გარემოებებს ადასტურებს საქმეზე გამოკითხული ა.ბ.-ს თანმხლები პირი – ე.კ., რომელიც თავის მხრივ განმარტავს, რომ მის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, საქმეზე ინტენსიურად გრძელდება გამოძიება, დანიშნულია ა.ბ.-ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, მიმდინარეობს ფაქტის შემსწრე მოწმეთა გამოკითხვა და ვიდეოჩანაწერების შესწავლა.

გამოძიების ფარგლებში, ასევე შესწავლილ იქნება ინციდენტში მონაწილე პირთა მიერ შესაძლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი.

ამასთან, გამოძიებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიეცემა სამართლებრივი შეფასება და მოხდება შესაბამისი რეაგირება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp