"დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა"

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა.


როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, მიღწევები, პროგრესი და ახალი უფლებები, არ არის ხელმისაწვდომი ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქვეყნის მთლიანი მოსახლეობისთვის.


„საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არის მძიმე მდგომარეობა უსაფრთხოების, ადამიანთა უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით; შრომითი უფლებები არ არის გამონაკლისი.

ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა ე.წ. სასაზღვრო პუნქტებთან.

ხშირია არალეგალური დაკავება და გატაცებები საოკუპაციო ხაზის ირგვლივ, ინტენსიურად ხდება ეთნიკური ნიშნით ადამიანების უფლებების დარღვევა, მათ ართმევენ ყველაზე მთავარს – სიცოცხლის უფლებას. უზღუდავენ განათლების მიღების უფლებას, მათ შორის ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე და ეს ხდება რუსიფიკაციის აქტიური პოლიტიკის გატარების გზით“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, არსებული მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი შეუძლებელია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აქვს მუშაობის მანდატი, რუსეთის ფედერაციისგან არ აქვს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების უფლება.

„დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ჟენევაში, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp