აშშ–ში საქართველოს საელჩო: „ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტი „ფრონტერას“ საქმეს უკავშირდება“

აშშ–ში საქართველოს საელჩოს განცხადებით,  ამერიკელი კონგრესმენის მარკვეინ მულინის თბილისის მიმართ სანქციების კანონპროექტი კომპანია „ფრონტერას“ მიერ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს უკავშირდება.

როგორც „აქცენტს“ საელჩოში განუცხადეს, აღნიშნულ დოკუმენტს და იქ გაჟღერებულ პოზიციებს აშშ კონგრესმენების მხარდაჭერა არ აქვს.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტის წევრი, რესპუბლიკელი კონგრესმენი ოკლაჰომას შტატიდან მარკვეინ მულინი საქართველოში ამერიკულ ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევაში ქვეყნის მთავრობისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. 

„საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. ამაზე მეტყველებს ის უკვე მიღებული რეზოლუციები და საკანონმდებლო აქტები, რომელსაც კონგრესმა ცალსახად დაუჭირა მხარი. მათ შორის არის საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც გასული წლის 12 დეკემბერს იქნა მიღებული წარმომადგენელთა პალატაში კონგრესმენთა ერთიანი მხარდაჭერით. 

აშშ-ის კონგრესში წარდგენილი დოკუმენტის პროექტი და კონკრეტული კონგრესმენის ინტერესი უკავშირდება კომერციული სახის დავას – „ფრონტერას“ საქმეს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. მხარეებს შორის დავის გადაუჭრელობის გამო საქმე ქართული მხარის ინიციატივით განსახილველად გადაეცა ნეიტრალურ მხარეს - სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელსაც ამ საქმეზე ჯერ–ჯერობით  საბოლოო გადაწყვეტილება არ გამოუტანია. ჩვენ ვერ ვხედავთ სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოზე უფრო მიუკერძოებელ მხარეს და მიმდინარე დავის ამაზე უფრო სამართლიანად გადაჭრის სხვა გზას. 

საქართველოს მთავრობა ნებისმიერი კომპანიისთვის უზრუნველყოფს თანაბარ, ბიზნესის წარმოებისათვის მაქსიმალურად ხელსაყრელ გარემოს, რაც ეფუძნება გაფორმებული შეთანხმებებით აღებული ვალდებულებების მკაცრად დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპს. ამის მკაფიო დასტურია ამჟამად საქართველოში წარმატებით მოქმედი 200-მდე ამერიკული კომპანია და ასევე საქართველოსა და აშშ-ს შორის ვაჭრობის მზარდი დონე.

აღნიშნულ დოკუმენტს და იქ გაჟღერებულ პოზიციებს არ აქვს კონგრესმენების მხარდაჭერა. საელჩო განაგრძობს ამერიკელი კანონმდებლების მაქსიმალურად ინფორმირებას ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მხარდაჭერისთვის“, – განუცხადეს „აქცენტს“ საელჩოში.

ცნობისთვის: 2016 წელის თებერვალში ამერიკულმა ენერგოკომპანიამ „Frontera“ საქართველოში, ახმეტაში,  გაზის აღმოჩენის შესახებ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა  და ამ მიმართულებით მუშაობაც დაიწყო, თუმცა ხელისუფლებამ ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობა ტყუილში დაადანაშაულა და საქმიანობის გაგრძელების უფლება არ მისცა.

აღსანიშნავია, რომ "ფრონტერამ" გაზის მარაგების აღმოჩენაზე განცხადება 2016 წლამდეც არაერთხელ  გააკეთა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია კომპანიას არც მაშინ წარუდგენია, რის გამოც საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ "ფრონტერა" დააჯარიმა.  "ფრონტერამ" ჯარიმა გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოიტანა და კომპანიას მარაგების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა დაავალა, რომელიც ნავთობისა და გაზის სააგენტოს ინფორმაციით, "ფრონტერას" არ წარმოუდგენია. ამჟამად საქმის განხილვა სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში მიმდინარეობს.

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამის შუქ-ჩრდილი