რატომ თმობს თბილისი მიწის იმ ნაკვეთს, რომელსაც ოკუპანტები არ ედავებიან

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიცის მცხოვრებმა ილია ბერუაშვილმა სასამართლო დავა საჯარო რეესტრთან თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო. ბერუაშვილი საოკუპაციო გამყოფ ხაზთან ცხოვრობს. აქვე ახლოსაა მისი მიწის ნაკვეთიც, რომელსაც წლებია ამუშავებს. რამდენიმე წლის წინ მან საჯარო რეესტრს ნაკვეთის საკუთრებაში რეგისტრაციის თხოვნით მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. რეესტრმა გუგლის საძიებო სისტემით იხელმძღვანელა და ბერუაშვილს აცნობა, რომ რუკაზე მისი ნაკვეთი ოკუპაციის ხაზს მიღმაა მოქცეული.

ბერუაშვილი რეესტრს უმტკიცებდა, რომ გუგლის რუკა ცდება. ნაკვეთს, რომელიც ეგრეთ წოდებულ საზღვრის აღმნიშვნელ სამ ბანერს შორის არის მოქცეული თავად ამუშავებდა და მდებარეობაც ზუსტად იცოდა, თუმცა მას არავინ მოუსმინა და საქმე გორის რაიონულ სასამართლომდე მივიდა.

სასამართლომ რეესტრს ნაკვეთის რეგისტრაცია დაავალა, თუმცა რეესტრმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციომ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ილია ბერუაშვილს უბრალოდ არ ესმის რატომ ცდილობს სახელმწიფო მისი ნაკვეთი ოკუპანტებს მიაკუთვნოს.

„პრობლემა ის იყო, რომ ეს ტერიტორია მიიჩნეოდა ოკუპირებულად. საჯარო რეესტრი საფუძვლად და მოქმედების არეალად უყურებს გუგლის საძიებო სისტემას. გუგლის საძიებო სისტემას რომ ჩავრთავთ, არასწორად აჩვენებს და სინამდვილეში საოკუპაციო ხაზი გადის ჩემი ბაღის იქით, ანუ ბაღი, რომლის დარეგისტრირებასაც ვითხოვ არ არის ოკუპირებული.“

ბერუაშვილის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი წელიწადზე მეტია რაც იცავს, ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი აცხადებს, რომ სამართლებრივი დავა შედეგიანი აღმოჩნდა და კიდევ ერთი ჰექტარი მიწა, ფაქტობრივად დაკარგვას გადაურჩა.

„თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საჩივარი, რომელიც მიიჩნევდა, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ არასწორად დაავალა მას საოკუპაციო ხაზთან მდებარე მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონკრეტული მიწის ნაკვეთი ამ შემთხვევაში არ იყო ოკუპირებული.“

იურისტი აცხადებს, რომ პრაქტიკიდან გამომდინარე საჯარო რეესტრი გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოშიც გაასაჩივრებს, მაგრამ მისი აზრით, ფაქტობრივი მასალა იმდენად ნათელია, რომ არც იქ გაუჭირდებათ გამარჯვება.

2013 წელს მიწის ნაკვეთის შენარჩუნებაზე ილია ბერუაშვილს საოკუპაციო ძალებთან და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან არაერთი ინციდენტი მოსვლია. მის ნაკვეთთან, საოკუპაციო ხაზის გავლებისას ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს, მაგრამ ბერუაშვილი არ დანებდა. საქმეში საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატებიც ჩაერთვნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა შეღობვა შეაჩერეს და ძელები ბერუაშვილების საგვარეულო სასაფლაოსთან ჩასვეს. იქ პატარა მისასვლელი გზა დატოვეს. არადა, გუგლის თანამგზავრული რუკებით ყოფილი ადმინისტრაციული საზღვარი პირდაპირ ბერუაშვილის სახლზე გადის, ნაკვეთი კი სახლის წინაა. რამდენიმე წლის წინ, ილია ბერუაშვილმა, სახლის დარეგისტრირებაც სასამართლოს ძალით მოახერხა.

ილია ბერუაშვილი საკუთარი ნაკვეთის დათმობას საოკუპაციო ძალებისთვის არ აპირებს და ამისთვის ის სამართლებრივ დოკუმენტაციას ქმნის, მისი აზრით ეს საქმე პრეცედენტული გახდება და არაერთი მოქალაქე, ვისაც ნაკვეთები ეგრეთ წოდებულ საოკუპაციო ზოლში დარჩა, დავას დაიწყებენ და ამით საკუთარ ნაკვეთებს იურიდიულად მაინც შეინარჩუნებენ.

წყარო: "რადიო თავსიუფლება"

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp