რა კონკრეტულ შედეგებს ელის ბახტაძე აშშ–ში ვიზიტისგან – პრემიერის განმარტება

შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ვიზიტი იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, აშშ-ში ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში ახალი დღის წესრიგი ყალიბდება, რომელიც ემყარება უსაფრთხოებას, მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას და საერთო ფასეულობების დაცვას.

„დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა, ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენ გვერდით. დღეს და კონკრეტულად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ურთიერთობები იმყოფება ყველაზე მაღალ ნიშნულზე პრეზიდენტს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ეს არის კონკრეტული შედეგი. რეფორმების პარალელურად, უსაფრთხოების პარალელურად, სადაც ჩვენი მთავარი მიზანია ნატო-ში ინტეგრაცია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, ვინაიდან ეს არის ამავე დროს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია.

გვსურს, მივიღოთ უფრო მეტი ინვესტიცია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი, ვიყოთ უფრო ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და შევძლოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp