თბილისში სივრცე იხსნება, რომელშიც ყველაფრის დალეწვას შეძლებთ

მოახლოებული დედლაინები, დამღლელი კვირა, თუ „ცუდი პერიოდი მაქვს“ – მსგავსი სიტუაციები ჩვენში ნეგატიურ განწყობებს იწვევს და მეტიც, მძაფრი ემოციებისას სურვილი გვიჩნდება გარშემო ყველაფერი დავლეწოთ. დიახ, ნორმალურია თუ რამის დალეწვის სურვილი გვაქვს, უბრალოდ, ეს უკვე სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის ზიანის მიუყენებლადაა შესაძლებელი. სივრცეში, რომელიც 16 ივნისს, თბილისში, რუსთაველის 34-ში გაიხსნება. ეს არის სარდაფი, სახელად „ლეწე“, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ, გაეცნოთ „მენიუს“ და შეძლებისდაგვარად მშვიდად აირჩიოთ, რისი დალეწვა გინდათ. საყოფაცხოვრებო ტექნიკის თუ ჭურჭლის? ჩაქუჩით, უროთი თუ ბეისბოლის ბიტით? იქნებ, პრინტერს დალეწავდით სიამოვნებით, პრინტერს, რომელმაც სამსახურში ცხოვრება გაგიმწარათ და რომელსაც „არ უნდა აგრძნობინო, რომ გეჩქარება“.

ხანდახან, ძველი ნივთებისგანაც, ისევე, როგორც ნეგატიური წარსულისგან, უნდა გავთავისუფლდეთ. დალეწვის გზით? შესაძლოა. სწორედ „ცხოვრების ცუდი პერიოდი“ და გარშემო ყველაფრის დალეწვის სურვილი დგას „ლეწეს“ ამბის სათავესთან.


„იმ პერიოდში ვფიქრობდი სად წამეღო ჩემში დაგროვილი ნეგატიური ენერგია, რა შემეძლო გამეკეთებინა ისეთი, რომ ამ ენერგიისგან გათავისუფლებას სხვა არ დაეზარალებინა“. ასე გაუჩნდა ანი მესხიძეს სივრცის იდეა. სივრცის, სადაც ყველაფრის დალეწვა და სტრესთან გამკლავება იქნებოდა შესაძლებელი. იდეის ხორცშესხმა ადვილი საქმე არ იყო. ამიტომ, ანიმ რამდენიმე ადამიანს ჰკითხა აზრი, თუმცა, „ნუ, მეუბნებოდნენ, რთული იქნება ამის გაკეთება, საიდან უნდა მოიტანო ამდენი ნივთი“. მიუხედავად გულაცრუებების მცდელობებისა, ნიკა ჟღერიასა და ნინი კვირიკაშვილის სახით, ორი თანამოაზრე და უკვე ბიზნესპარტნიორი იპოვა. ამის შემდეგ გუნდს „ლეწეს“ გენერალური მენეჯერი დათო ცხვარაძეც დაემატა. ასე შეიკრა გუნდი, რომელიც მარტიდან დღემდე, საკუთარი დანაზოგებისა და შემოსავლის ხარჯზე, ცდილობს თბილისში ახალი დატვირთვის მქონე სივრცის გაჩენას. მაგალითად, „ნინის მოპედის ყიდვა უნდოდა, მაგრამ…“


M: და რა დაგვხვდება „ლეწეში“? რისი დალეწვის საშუალება ექნება მომხმარებელს, ან როგორ?

მომხმარებელს დახვდება სრულიად მშვიდი მასპინძელი, რომელიც დაეხმარება სესიის მომზადებაში, რომელიც შესაბამის ეკიპირებას, დასალეწი ნივთებისა და იარაღის არჩევას მოიცავს. ამ ეტაპზე, გვაქვს საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ჭურჭლის არჩევანი. აქვე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვცდილობთ ყველა მომხმარებელს ერთი ძნელად დასალეწი ტექნიკა ჰქონდეს. ასორტიმენტის განახლება კი ჩვენი გამოწვევა იქნება, იმისათვის, რომ მრავალფეროვანი დალეწვის გზები და დასალეწი ნივთები შევთავაზოთ მომხმარებელს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვითვალისწინებთ უსაფრთხოების ნორმებს და როგორც უკვე აღვნიშნეთ მომხმარებელს ვაძლევთ ეკიპირებას, იმისათვის, რომ ლეწვის პროცესი იყოს უსაფრთხო და არ გამოიწვიოს რაიმე დაზიანება.

M: საიდან მარაგდება „ლეწე“ დასალეწი ინვენტარით და არის, თუ არა ეს ის ნივთები, რომლებიც ნამდვილად გამოუსადეგარია?

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ, ვიპოვეთ მომწოდებლები და ის ნივთები, რაც დასალეწად გამოდგებოდა. ამდენ უსარგებლო ადგილას, სადაც ჩვენ ვიყავით, ადამიანები იშვიათად თუ დადიან. აუქციონებსაც კი მივაგენით, სადაც ჩამოწერილ პრინტერებს ყიდიან და გარდა ამისა, ვიყავით მშრალ ხიდსა და ე.წ. „ბარახლოვკაზე“. მოკლედ, გვაქვს წერტილები, საიდანაც მოვმარაგდებით. რაც შეეხება უსარგებლობას. არის ტელევიზორები, რომლებიც ირთვება კიდეც, თუმცა, მათი ზომიდან და ხარისხიდან გამომდინარე, აღარავის სჭირდება. გარდა ამისა, რთულია ნახო ისეთი ჭურჭელი, რომელსაც ვინმე სადმე არ გამოიყენებს, ან ბოთლი. თუმცა, ვფიქრობთ, რომ უარყოფითი ემოციებისგან დასაცლელად, ეს ამად ღირს.

M: ანტისტრეს ფუნქციის მიღმა, რას მოიცავს „ლეწეს“ ხედვა? რისი შეცვლა გინდათ, ან ვისთვის?

ხშირად გვითქვამს, რომ ხანდახან მრავალფეროვნება აკლია ჩვენს გარშემო ყველაფერს, ქალაქს, გართობის ნაწილს. ანტისტრესული ეფექტის გარდა, გვსურს ბაზარზე გართობისა და დასვენების კლასიკური შესაძლებლობების ალტერნატივა დავამკვიდროთ. ლეწვა კარგ ხასიათზეც ძალიან სახალისო და სასიამოვნოა. აქედან გამომდინარე, ლეწე ელის ყველას ვისაც სტრესთან ან ბრაზთან გამკლავება სურს ან უბრალოდ ახალი შეგრძნებების და გამოცდილების მიღება უნდა.

M: მომხმარებლის დაინტერესების შემდეგ, როგორ გეგმავთ მათ შენარჩუნებას? რას აპირებთ, იმისათვის, რომ როგორც თქენი საქმიანობა, ასევე, მომხმარებელის ლეწვითი მოთხოვნილებები გაზარდოთ?

ვგეგმავთ B2B მოდელის ამოქმედებასაც. გარდა იმისა, რომ შესაძლოა დაიგეგმოს სტაფის ჯგუფური ვიზიტები „ლეწეში“, ასევე იქნება იმის შესაძლებლობა რომ „ლეწე“ თავად მივიდეს კომპანიების ოფისებში და ადგილზე მოაწყოს სალეწი მოედანი. გარდა ამისა, გვსურს შევქმნათ დამატებითი სივრცე სპორტის ქომაგებისთვის. მატჩის მიმდინარეობისას თუ რაიმე მოვლენა მათ გაბრაზებას და უკმაყოფილებას გამოიწვევს, თავისუფლად შეეძლებათ დალეწონ ლუდის კათხა, თეფში ან სხვა რამ. ჩვენ გვსურს ისეთი ნივთების დალეწვის შესაძლებლობა მივცეთ მომხმარებელს, რომელიც მათთვის ყოველდღიური სტრესის წყაროა.

ერთი შეხედვით გამოუვალი, აფექტური მდგომარეობებისას ხშირად ვხდებით დესტრუქციულები საკუთარი თავისა თუ ძვირფასი ურთიერთობების მიმართ. როგორც ჩანს, მათ ნაცვლად ბევრი რამის დალეწვა შეგვიძლია, ნუ, „ლეწეს“ სარდაფში მისვლას თუ მოვასწრებთ. აქვე, გაითვალისწინეთ, რომ იმას, რაც „ლეწეში“ მოხდება, სახლში ნუ გაიმეორებთ.

წყარო: marketer.ge


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ჯაფარიძე - პროკურატურას: "ველით, რომ შეასრულებენ სამსახურეობრივ მოველეობას"