„ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი სახელმწიფოს სირცხვილია“

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, „ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი სახელმწიფოს სირცხვილია“. ასე ეხმიანება პრეზიდენტი რამდენიმე დღის წინ მარტვილში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას – 15 წლის მოზარდმა თავი მოიკლა. გარკვეული მედიასაშუალებები იუწყებოდნენ, რომ მოზარდმა თვითმკვლელობის აქტი შიმშილის გამო ჩაიდინა, თუმცა თავად ოჯახმა და ნათესავებმა ინფორმაცია არ დაადასტურეს.   

პრეზიდენტმა ჯანდაცვის სამინისტროს უკიდურესად შეჭირვებული ოჯახების აღწერისა და მსგავს ოჯახებში მცხოვრები ბავშვების მიმართ განსაკუთრებული ზომების მიღებისკენ მოუწოდა.  

„მე ვერ გავარკვევ, რამდენი ფაქტორი იყრის თავს ასეთი ტრაგედიის წარმოქმნაში. მაგრამ მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტმა, ვიცი, რომ ბავშვის შიმშილისა და თვითმკვლელობის ურთიერთკავშირი არის ქვეყნის ტრაგედია და სახელმწიფოს სირცხვილი. ასეთი ტრაგედიები უნდა აღიკვეთოს. ამიტომ  მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს, სასწრაფოდ დაიწყოს სოციალურად დაუცველი – უკიდურესად ღარიბი ოჯახების აღწერა და ამ ოჯახების ბავშვებისთვის მიღებულ იქნას განსაკუთრებული ზონები. მე ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას და ბოდიშს ვუხდი როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე",– განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მსგავსი ტრაგედიების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება სირცხვილია. 

 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp