მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კონფერენციის „გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მართვის გამოწვევები საქართველოში“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დედამიწა ჩვენი სახლია და მას ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება. სამინისტრო აქტიურად მუშაობს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და აღდგენის მიმართულებით“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) კონფერენციის ორგანიზებისთვის და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კვალიფიციური კადრები და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების პირობაა.

კონფერენციის ფარგლებში მსჯელობა გარემოსდაცვითი პოლიტიკის, გარემოსდაცვითი განათლების, ატმოსფერული ჰაერის და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ასევე კლიმატის ცვლილების საკითხებზე გაიმართა.

კონფერენციას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ თბილისის მერიის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტისა და ადგილობრივი და საერთაშორისო გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოსთან ერთად, დედამიწის დღეს მსოფლიოს 150 - ზე მეტი ქვეყანა აღნიშნავს.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp