რატომ ჩათვალა პომპეომ აუცილებლად ანაკლიაზე დახურული შეხვედრის შემდეგ საუბარი: სამი ექსპერტის მოსაზრება

გუშინ აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზეც გააკეთა:

"აშშ იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს, გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ".

პორტის თემაზე, რომელსაც მხარდამჭერი განცხადებები დასავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებისა და სხვადასხვა რანგის თანამდებობის პირთა მხრიდან არც მანამდე აკლდა, უშუალოდ პომპეოსა და ბახტაძის დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზეც იყო საუბარი, თუმცა სახელმწიფო მდივანმა აუცილებლად მიიჩნია, საკითხზე საჯაროდ ესაუბრა. რა სახის გზავნილი იყო ეს, რატომ ჩათვალა ამ თემაზე საუბარი აუცილებლად სახელმწიფო მდივანმა მაშინ, როდესაც გვერდზე პრემიერ–მინისტრი ედგა, ხედავს თუ არა საფრთხეს აშშ საქართველოში პორტის ირგვლივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, ამ საკითხზე „აქცენტი“ სამი ექსპერტის მოსაზრებას გთავაზობთ.

დავით რაქვიაშვილი (საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი):  „სახელმწიფო მდივნის მიერ რეგიონზე, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მსგავსი დეტალიზაციით გაკეთებული კომენტარი უნდა განვიხილოთ, როგორც ამერიკის დიდი ინტერესი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისა და რეგიონის უსაფრთხოებისადმი, რაც ცალსახად მისასალმებელია. ასევე დავამატებ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ 2018  ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი ახლა კონგრესის მიერ იქნა მიღებული. ჯამში ეს გვაჩვენებს, რომ ამერიკის ინტერესი არათუ მცირდება, არამედ გაზრდილია. ბუნებრივია, ყველა ის პროცესი, რომელმაც შესაძლოა, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას, ქართულ–ამერიკული ურთიერთობების გაღრმავებას, ან რეგიონული უსაფრთხოების შემცირებას რაღაც ზიანი მიაყენოს, ვაშინგტონის ყურადღების ცენტრშია. ბუნებრივია, ამ განცხადებაში უნდა წავიკითხოთ აშშ–ის განსაკუთრებული დაინტერესება და ყურადღება ანაკლიის პორტის მიმართ: ჩვენ მომსწრენი ვართ იმ რიტორიკის და დისკურსის, რომელიც შეეხო ანაკლიის პორტს. ანაკლიის პორტი არის არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონული უსაფრთხოების პროექტი. ამ აჟიოტაჟს, დისკუსიას, თუ შესაძლო საფრთხეებს ანაკლიის პროექტის წარმატებით განხორციელების თაობაზე, ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად ეხმიანება. ამდენად, ვფიქრობ, კითხვის ნიშნების დასმა ზედმეტია. ფაქტია, რომ აქ [საქართველოში] მიმდინარე მოვლენებმა შეშფოთება გამოიწვია“.

თენგიზ ფხალაძე (საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი საერთაშორისო მდივანი): „ანაკლიის პორტი არ არის მხოლოდ ეკონომიკური, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტია, რომელიც მნიშვნელოვანია უპირველესად, საქართველოსთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ მას ასეთი მტკიცე მხარდაჭერა აქვს ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. სახელმწიფო მდივანმა სწორედ იმ პოზიციას გაუსვა ხაზი, თუ  რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ [პარტნიორები] ამ პროექტის განხორციელებას. დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერა ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. თან თუ ჩვენ ყველა იმ გზავნილს ერთად განვიხილავთ, რომელიც გუშინ სახელმწიფო მდივნის მიერ იქნა გაჟღერებული, ვნახავთ, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს, რაოდენ დიდ ყურადღებას აქცევს აქ მიმდინარე პროცესებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მისი სტრატეგიული პარტნიორის [საქართველოს] უსაფრთხოება, სტაბილურობა, ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარება, რეფორმები და აშ.

ანაკლიის პორტი არის იმ მნიშვნელობის პროექტი, რომელმაც უნდა გააძლიეროს და კიდევ უფრო უნდა გამოკვეთოს საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქცია. ეს არის პროექტი, რომლითაც დაინტერესებულნი არიან სხვა ქვეყნებიც: რომლებსაც აღმოსავლეთ–დასავლეთს შორის თანამშრომლობის გაძლიერების ინტერესი აქვთ. ამ კონტექსტში ანაკლიის პორტი საქართველოს წარმოაჩენს როგორც ერთ–ერთ მნიშვნელოვან შემადგენელს – არა როგორც მხოლოდ დამაკავშირებელი ხიდის, არამედ ტვირთების შემკრებს. შესაბამისად, აქ არის და იქნება გადაჯაჭვული ძალიან ბევრი სახელმწიფოს ინტერესებიც. ცხადია, ასეთი დიდი კონცენტრაცია სხვადასხვა სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ინტერესებისა, აძლიერებს მათ შორის ინტერესს საქართველოს უსაფრთხოებისადმი, შესაბამისად აძლიერებს იმ დაცულობის გარანტიებს, რომელიც გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს და აუცილებლად ექნება. ამდენად, ვიმეორებ, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკურ ბენეფიტზე ორიენტირებული პროექტი, ეს არის პროექტი, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს პოლიტიკურ მნიშვნელობას საერთაშორისო ურთიერთობათა თანამედროვე სისტემაში, აქედან გამომდინარე, აძლიერებს მისი დაცულობის გარანტიებს.“

ირაკლი მენაღარიშვილი (საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი): „ჩემი ღრმა რწმენით, ამით მან ხაზი გაუსვა ამ პროექტის მნიშვნელობას ამერიკის შეერთებული შტატებისათვის და საერთოდ დასავლური სამყაროსთვის. მას არ დაუმალავს და პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი ქვეყნის – საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და შემდგომი განვითარებისათვის ეს პრინციპული მნიშვნელობის პროექტია. ეს განცხადება უნდა წავიკითხოთ ისე, როგორც მოვისმინეთ და აქ ვფიქრობ, განსხვავებული აზრების ძიება საჭირო არაა. ამ პროექტის მნიშვნელობაში ეჭვი გონიერ ადამიანს ადრეც არ უნდა შეჰპარვოდა, მაგრამ თუკი ასეთი სკეპტიკოსი არსებობდა, ვფიქრობ, ამგვარი განცხადების შემდეგ აღარ უნდა იყვნენ. ვგულისხმობ მათ, ვინც ფლობს, ობიექტურად დაინახოს მოვლენათა განვითარება.

სახელმწიფო მდივანმა არაერთ სხვა საკითხზეც გააკეთა კომენტარი – ზოგადად დემოკრატიული განვითარების განუხრელად დაცვაზე. ვფიქრობ, ეს იყო გზავნილი, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთოს, რომ ეს საკითხები მოგვარდეს“.  


Facebook Twitter Email Viber WhatsApp