“პომპეომ მიანიშნა, რომ ანაკლიის პროექტმა საქართველოს დამოუკიდებლობას და არა რუსეთ-ჩინეთის გავლენას უნდა შეუწყოს ხელი”

„მაიკ პომპეოს იმის ხაზგასმა სურდა, რაოდენ მნიშვნელოვანია, ანაკლიის პროექტი იმგვარად განხორციელდეს, რომ ამან საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას და არა მასზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენას შეუწყოს ხელი“, – ასე აფასებს  "აქცენტთან" საუბარში აშშ–ის სახელმწიფო მდივნის მიერ 11 ივნისს ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ გაკეთებულ განცხადებას აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში, მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, აშშ–ის ყოფილი ელჩი NATO-ში კურტ უოლკერი.

"აშკარაა, რომ პორტის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოში აზრთა გარკვეული სხვადასხვაობა იყო. ვფიქრობ, პომპეო სწორედ ამას გამოეხმაურა. ჩემი აზრით, პომპეომ მიანიშნა იმაზე, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, პროექტი ბოლომდე იქნას მიყვანილი, თანაც იმგვარად, რომ ამან საქართველოს დამოუკიდებლობის გაძლიერებას და არა მასზე რუსეთისა და ჩინეთის გავლენას შეუწყოს ხელი“, – განუცხადა „აქცენტს“ უოლკერმა.

ცნობისთვის: 11 ივნისს მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად პრეს–კონფერენცია გამართა, სადაც რიგ სხვა საკითხებთან ერთად ანაკლიის პორტის შესახებაც ისაუბრა:

„აშშ იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს, გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ".

Facebook Twitter Email Viber WhatsApp