ოფიციალური თბილისი: "ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია"

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართველების მასობრივ დაკავებას ისრაელში ადგილი არ ჰქონია.

როგორც საგარეო უწყებაში განმარტავენ, ისრაელის საემიგრაციო სამსახური მუდმივად ახდენს ისრაელში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მათ არ გააჩნიათ ისრაელში ლეგალურად ყოფნის საფუძველი, ხდება მათი დეპორტაცია.

"მსგავსი რამ მოხდა საქართველოს მოქალაქეებთანაც მიმართებაში, მათ არ ჰქონდათ ისრაელში ლეგალური ყოფნის უფლება და შესაბამისად დაექვემდებარებიან დეპორტაციას. ამ დროისათვის ისრაელის საიმიგრაციო სამსახურის სადეპორტო ცენტრში იმყოფება 24 მოქალაქე, მათგან 12 მოქალაქეს უკვე აქვს ბილეთი და ისინი ინფორმირებულნი არიან მათი დეპორტაციის თარიღის შესახებ. თორმეტივე მოქალაქისთვის ეტაპობრივად, მიმდინარე კვირის ბოლომდე მოხდება დასაბრუნებელი ბილეთების შეძენა. ეს მოქალაქეები დაკავებული იქნენ ისრაელის სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა დროს, რაიმე მასიური დაკავებები არ მიმდინარეობს", – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: ტელეკომპანია "რუსთავი 2"–მა გაავრცელა ინფპრმაცია, რომლის თანახმად,  ისრაელში საქართველოს მოქალაქეების მასშტაბური დაკავებები განხორციელდა. 

"ისრაელის ხელისუფლება მათ ქვეყნის ტერიტრიაზე უკანონოდ ყოფნას ედავება. საიმიგრაციო სამსახურის და კრიმინალური პოლიციის ერთობლივი სპეცოპერაცია რამდენიმე ქალაქში ერთდროულად ჩატარდა.

ემიგრანტების თქმით, სამართალდამცველებმა ისრაელში არალეგალურად მყოფი ქართველების ნაწილი პირდაპირ სამუშაო ადგილებზე დააკავეს.  როგორც ისინი ამბობენ, დაკავებული ქართველების დეპორტაცია არ ხდება. ემიგრანტები სადეპორტაციო სამსახურის ნაცვლად ციხეებში გადაჰყავთ, სადაც რთული პირობებია და შესაძლებელია იქ დარჩენა თვეები მოუწიოთ", – იუწყება  "რუსთავი 2". 


Facebook Twitter Email Viber WhatsApp