მკვლელობა, შემდეგ ძარცვა – დაკავებულია სამი პირი

სამართალდამცველებმა დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე 3 პირი: 1998 წელს დაბადებული ნ. მ., 2000 წელს დაბადებული შ. ა. და 2002 წელს დაბადებული კ.შ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, 12 ივნისს, გამთენიისას დაბა წაღვერის მიმდებარედ 1960 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, რამდენიმე პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ამასთან, როგორც შსს იუწყება, დადგინდა, რომ ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ავტოგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს.

"ნ.მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო შ.ა. და კ.შ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ძარცვაში არიან ბრალდებული. „დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ“, – აღნიშნავენ შსს-ში.

უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზები.

განზრახ მკვლელობისა და ძარცვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაულები ხუთიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp