რატომ ჩათვალა პომპეომ აუცილებლად ანაკლიაზე დახურული შეხვედრის შემდეგ საუბარი: ეკონომიკის მინისტრის ვერსია

ნათია თურნავა - ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ანაკლიის პროექტის შესახებ ერთმანეთის იდენტურია

ანაკლიის პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბუნებრივია, რომ მასზე გაამახვილა ყურადღება ისეთმა მაღალი რანგის თანამდებობის პირმა, როგორიცაა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - განაცხადა აშშ-ში ვიზიტით მყოფმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა  ნათია თურნავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

მინისტრი ირწმუნება, რომ მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას პროექტი "ძალიან პოზიტიურ კონტექსტში იყო ნახსენები". 

„ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ საკითხთან დაკავშირებით, პრინციპში, იდენტურია. ანაკლიის პროექტი არის უმნიშვნელოვანესი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად და ამიტომაც საქართველოს მთავრობა ამ პროექტის ესოდენ მხარდამჭერია“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე ხაზი გაუსვა იმას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კიდევ ერთხელ გაუგრძელა ვადა ანაკლიის კონსორციუმს, რათა მან დაფინანსების საკითხი ბოლომდე მიიყვანოს.  

„ჩვენ ძალიან აქტიურად დავუჭერთ მხარს მოლაპარაკებების პროცესს და ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში შევძლებთ, გადავიდეთ პროექტის შემდეგ ფაზაზე... უკვე ვთქვი, რომ ჩვენი და აშშ-ის მთავრობის ხედვა ამ პროექტის შესახებ არის ერთმანეთის იდენტური. პროექტი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მაღალი რანგის შეხვედრაზე შეიძლება მასზე საუბარი“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

ცნობისთვის: აშშ–ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად აქცენტი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზეც გააკეთა:

"აშშ იმედს იტოვებს, რომ საქართველო პორტის პროექტს დაასრულებს. პორტი გააძლიერებს საქართველოს ურთიერთობებს თავისუფალ ეკონომიკებთან, რაც მას თავიდან ააცილებს, გახდეს ჩინეთისა და რუსეთის ეკონომიკური ინტერესების მსხვერპლი. ამ მოჩვენებით მეგობრებს გულში საქართველოს საუკეთესო ინტერესები არ აქვთ".

ამავე თემაზე: რატომ ჩათვალა პომპეომ აუცილებლად ანაკლიაზე დახურული შეხვედრის შემდეგ საუბარი: სამი ექსპერტის მოსაზრება

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp