ჩეჩნეთის დევნილი მათვრობა პანკისის მოვლენებს ეხმიანება

ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის საგარეო სამქეთა სამინისტრო 21 აპრილს საქართველოში, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს საგანგებო განცხადებით ეხმიანება, მოძმე ქართველ ხალხს მშვიდობას უსურვებს და იმედს გამოთქვამს, რომ წარმოქმნილი უთანხმოება ხეობის მცხოვრებთა ინტერესების სრული დაცვით, მხოლოდ და მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგის გზით მოგვარდება.

„შემაშფოთებელი ცნობები მოგვდის პანკისიდან, რესპუბლიკა საქართველო. კვირას  21 აპრილს პანკისის ხეობაში მოხდა შეტაკება ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და საქართველოს სამართალდამცველებს შორის, რის შედეგადაც, სამწუხაროდ, არიან დაშავებულები  როგორც მოსახლეობის, ისე პოლიციის მხრიდან.

პანკისის ხეობის 300-ზე მეტი მაცხოვრებელი შეიკრიბა აქციაზე ხეობაში, მდინარე ალაზანზე ჰესის მშენებლობის დაწყების წინააღმდეგ. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი მივიდა და მომიტინგეები მშენებლობის ადგილს ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით მოაშორა, აქციის მონაწილეებმა კი, თავის მხრივ, ქვები და ჯოხები გამოიყენეს. იმავე დღეს ინციდენტის ადგილზე მივიდა შს მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც უხუცესებს შეხვდა, მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ჰესის მშენებლობა მხოლოდ ადგილობრივთა 90%–ის თანხმობის შემთხვევაში დაიწყება.

პანკისის მაცხოვრებლები, უმთავრესად ეთნიკური ჩეჩნები შიშობენ, რომ ჰესის მშენებლობა უარყოფითად აისახება გარემოზე და ისინი იძულებულები იქნებიან, სახლები დატოვონ.

ვწუხვართ იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იცოდა რა პანკისის მკვიდრთა უკმაყოფილების შესახებ (ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები პერიოდულად ადრეც იმართებოდა), არ გაითვალისწინა იმის მსგავსი სიტუაციების წარმოქმნის შესაძლებლობა, რომლებიც კვირას ვიხილეთ.

ჩვენ, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წარმომადგენლები კვლავაც ყურადღებით ვადევნებთ თვალს პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოძმე რესპუბლიკაში წარმოქმნილი ყველა უთანხმოება კონსტიტუციურ ფარგლებში, მოსახლეობასა და მთავრობას შორის კონსტრუქციული გზით მოგვარდება. ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ პანკისის ხეობის მრავალსაუკუნოვანი დასახლებების მაცხოვრებელთა აზრი ამ კონფქლიქტში სრულად იქნება გათვალისწინებული.

მოძმე ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებთ“, – ნათქვამია ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილი მთავრობის საგარეო სამქმეთა მინისტრ ამინატ საიევას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის: დაპირისპირება პანკისის მკვიდრებსა და სამართალდამცველებს შორის 21 აპრილს მოხდა.

   

შეტაკებისას დაშავდნენ როგორც მოქალაქეები, ისე სპეცრაზმელები, დაზიანდა ჰესის მშენებელი კომპანიის ტექნიკა და შსს–ს კუთვნილი მანქანები. სპეცრაზმელებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც პოლიციამ ხეობა დატოვა, შს მინისტრმა გიორგი გახარიამ კი განაცხადა, რომ ჰესი არ აშენდება მანამ, სანამ მის მშენებლობას მხარს მოსახლეობის 90% არ დაუჭერს. 

ფაქტზე გამოძიება სსკ–ის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას და ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას გულისხმობს.


 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით იანვარ-აგვისტოში რუსეთი ლიდერობს