თავდაცვის სამინისტრო – მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი დღეს დილით გარდაიცვალა.

"აქცენტი" თავდაცვის სამინისტროს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ მამუკა ხარაზიშვილის გარდაცვალების გამო.

სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 მექანიზებული ბრიგადის 44-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის პოლიგონზე გეგმურ სწავლებებს გადიოდა. კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გამთენიისას შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის მე-4 ბრიგადის ლაზარეთში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ლაზარეთში შესვლისას გულის გაჩერება დაფიქსირდა. სამხედრო მოსამსახურეს გულ-ფილტვის რეანიმაცია ჩაუტარდა, თუმცა კაპრალი მამუკა ხარაზიშვილი გარდაიცვალა.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო პროცედურები და ექსპერტიზა. გამოძიება 116-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp