დიმიტრი მედოევი: „ცხინვალსა და თბილისს საერთო არაფერი აქვთ“

„სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს და მისი ნაწილი არც ერთ შემთხვევაში არ გახდება“, – განაცხადა რუსული „ტასისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა აშშ–ის, ევროკავშირისა და NATO–ს მიერ 9 ივნისს ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმული კრიტიკული პოზიციების საპასუხოდ.

„ახალი არაფერი თქმულა. სიტყვათა ამ კრებულს ჩვენ უკვე, 30 წელია ვისმენთ. არ სურთ, დაიჯერონ, რომ 1989 წლიდან სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს და არცა პირებს, ოდესმე მისი ნაწილი გახდეს. ამ მატარებელმა დიდი ხანია ჩაიარა. თითოეული ჩვენგანი თავად წყვეტს რა დაიჯეროს და ვის დაუჭიროს მხარი, მაგრამ ჩვენ, როგორც ქარავანი, ჩვენით მივდივართ წინ და ყურადღებას არ ვაქცევთ გვერდიდან მომავალ ხმაურს. ჩვენ განვაგრძობთ გზას ჩვენი მიზნისკენ – დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებისაკენ“, – განაცხადა მედოევმა. 

ცნობისთვის: 9 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ე.წ. არჩვენების შედეგები ევროკავშირმა, NATO-მ, ეუთომ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა დაგმეს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp