"თუ გეი–პარადი ჩატარდება, ხალხთან ერთად წინ ლოცვით აღვუდგებით"

"ქართული მარშის" წარმომადგენლის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ქართველი ერის და საქართვლოს მოსახლეობის განწყობა არის, რომ გარყვნილების აღლუმი ე.წ. გეიმარში არ უნდა ჩატარდეს და არ ჩატარდება.

როგორც ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, პრაიდის ჩატარებით სერიოზული რისკების წინაშე დგება ქვეყანა.

„საშიშროება ბევრად უფრო მძიმეა და სურათი უფრო მძიმე, ვიდრე ეს დღეს წარმოჩენილია. ჩემი ინფორმაციით, 100 000 ადამიანი გამოვა ქუჩაში, ლგბტ „გეი მარშის“ გამართვის დღეს. ამ დროს 100 000 ადამიანის გაკონტროლება ვერ მოხდება და ეს ყველაფერი გადაიზრდება საერთო სახალხო მღელვარებაში და ეს მღელვარებები როგორც მთავრდება, არა მარტო საქართველოში, ეს ყველას მოგეხსენებათ. არ გვინდა, რომ რაიმე ქაოსი და არეულობა მოყვეს ამ ყველაფერს, ამიტომ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ ღონისძიებისგან“, – განაცხადა სანდრო ბრეგაძემ, "პირველი არხის" ცნობით.

ბრეგაძის თქმით, "პრაიდის" ორგანიზატორი ნინო ბოლქვაძე ამ ყველაფრით ფულის შოვნას გეგმავს. 

სანდრო ბრეგაძემ ბრიფინგზე წაიკითხა, მისი მტკიცებით, მიმოწერა ნინო ბოლქვაძესთან, რომელშიც მისი თქმით, ბოლქვაძე წერს, რომ ფულის შოვნა სურს. 

„აქ არის საუბარი ათეულ ადამიანზე, რომლებიც უცხოელი სპონსორებისგან არიან დავალებული, რომლებიც ელოდებიან მატერიალურ სარგებელს. აქ არის საუბარი მხოლოდ ფულზე და მატერიალურ გამდიდრებაზე. არის სერიოზული და რეალური საშიშროება ყველა ქართველის და მამულიშვილის მოვალეობაა, რომ გააფრთხილოს ყველა მოსალოდნელ შესაძლო გართულებებზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება "პრაიდი", ისინი ხალხთან ერთად უმცირესობებს წინ ლოცვით აღუდგებიან.

„ჩვენ მშვიდობიანად არ დავუშვებთ ამას, ყველანი გადავალთ სხვა მუშაობის რეჟიმზე განსაკუთრებით 23-ში. მოხდება სრული მობილიზება, გადავუდგებით წინ მშვიდობიანად, ლოცვით და არ მივცემთ უფლებას, რომ ისინი გადაადგილდნენ, არანაირი ძალადობა აქ არ იქნება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

ცნობისთვის: 31 მაისს  შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია“. იმავე დღეს "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება, რისთვისაც ისინი სტრასბურგის სასმართლოს მიმართავენ. მათივე თქმით, შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" გუნდი აგრძელებს კვირეულის ორგანიზებას. 

18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში სიამაყის კვირეულის გამართვას გეგმავს. თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის მსვლელობა.


Facebook Twitter Email Viber WhatsApp
რა სიახლეებით ხვდება განათლების სისტემა ახალ სასწავლო წელს