ვლადიკავკაზელი აზარტული მოთამაშეები ცხინვალელ ფეხბურთებელს დანებითა და ავტომატით დაუპირისპირდნენ [ვიდეო]

ყარაბაღში ConIFA–ს ​ვერსიით, ჩატარებული არაღიარებულთა საფეხბურთო ჩემპიონატის მოულოდნელ შედეგს ვლადიკავკაზში შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივი აზარტული მოთამაშეები, რომლებმაც ფსონები მოწინააღმდეგე გუნდის სასარგებლოდ დადეს, ცხინვალელ ფეხბურთელებს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდნენ. 


12 ივნისს, საღამოს მომხდარი ინციდენტის გამო ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის საფეხბურთო ნაკრებს სამშობლოში სრული შემადგენლობით ვერ დაბრუნდა.   

"ვლადიკავკაზში, ძუსოვის ქუჩაზე მოხდა ჩხუბი ჩრდილოეთ ოსეთის მკვიდრს ახალგაზრდებსა და სამხრეთ ოსეთის საფეხბურთო ნაკრების ცალკეულ წევრებს შორის. დაპირისპირების დროს ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი იყო გამოყენებული. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ფსონები გახდა, კერძოდ ის, რომ აზარტულმა გულშემატკივრებმა სამხრეთ ოსეთის გუნდის გამარჯვების გამო 140 000 რუბლი დაკარგეს. სიტყვიერი დაპირისპირება ჩხუბში გადაიზარდა. როგორც გამომძიებლებს ავტომატიდან მსროლელმა ახალგაზრდამ განუმარტა, ამ გზით იყო დანებით შეიარაღებულთა გაშველებას ცდილობდა", – იუწყებიან სოციალური ქსელის ოსური სეგმენტის მომხმარებლები ჩრდილოეთ ოსეთის მედიასაშუალებებზე დაყრდნობით.

ახალგაზრდული პოლიტიკის, სპორტისა და ტურიზმის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის სერგეი ზასეევის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ვლადიკავკასში მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რის გამოც ნაკრების ზოგიერთ წევრს ჩრდილოეთ ოსეთში შეყოვნება მოუწევს. 

მისივე მტკიცებით, ცხინვალელი ფეხბურთელები საქმეში მოწმეებად ფიგურირებენ. 

ცნობისთვის: ConIFA –ს ვერსიით, არაღიარებული რესპუბლიკების ჩემპიონატი წელს მთიან ყარაბაღში ჩატარდა. ყველასთვის მოულოდნელად, პირველად ამ ჩემპიონატის ისტორიაში გამარჯვება ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ნაკრებმა მოიპოვა.      

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp