სოხუმი მამუკა ბახტაძეს სიცრუეში ადანაშაულებს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება თბილისისგან ფაროსანასთან ბრძოლისთვის საჭირო პრეპარატების შესაძენად 600 000 ლარის მიღებას კატეგორიულად უარყოფს და პრემიერ–მინისტრ მამუკა ბახტაძეს, რომლის ამასწინანდელი მოხსენება შესაბამის ინფორმაციას შეიცავდა, სიცრუეში ადანაშაულებს.

ქართული მხარის მიმართ ეს ბრალდება სოხუმში ჩასულ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან საუბრისას ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ გააჟღერა.

„ამ მოხსენებაში გაიჟღერა ძალზე უცნაურმა განცხადებამ იმის შესახებ, რომ 2018 წელს საქართველოს მთავრობამ თითქოსდა გამოუყო აფხაზეთს 600 000 ლარი ფაროსანასთვის ბრძოლისთვის აუცილებელი პრეპარატების შესაძენად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აფხაზეთის ხელისუფლებას საქართველოსგან არანაირი დახმარება არ მიუღია. ყველა პრეპარატი აფხაზეთმა მიიღო საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით იმ სახსრებიდან, რომელთაც საქართველოსთან არანაირი კავშირი არ აქვთ“, – აღნიშნა კოვემ და დასძინა, რომ სოხუმს შეუძლია, წარმოადგინოს ყველა საბუთი ამ თანხების საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით მიღების დასადასტურებლად და თბილისისგანაც მოითხოვს, "არსებობის შემთხვევაში" მამუკა ბახტაძის მოხსენებაში გაჟღერებული განცხადება შესაბამისი საბუთებით დაადასტუროს.

„საქართველოს ოფიციალურ პირთა მსგავსი განცხადებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მთელს იმ სამუშაოს, რომელსაც ჩვენ თქვენთან ერთად ვაწარმოებთ. ვიმედოვნებ, ჟენევაში ყველა ამ საკითხის განხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა“, – დასძინა კოვემ.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp