4 წელი ტრაგედიიდან: "ასეთი ერთსულოვნება 9 აპრილის შემდეგ არ გვინახავს"

2015 წლის 13 ივნისის სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა იმის გამო, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალთან რთულად მისასვლელი გზაა, თბილისის მერ კახა კალაძეს მემორიალთან კიბის გაკეთება სთხოვა.

მან სტიქიის ღამეც გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსგავსი ერთსულოვნება, რაც სტიქიის შემდეგ საზოგადოებაში იყო, 9 აპრილის შემდეგ არ ყოფილა.  

„ძნელია გახსენება. ეს იყო შემზარავი დღე არამარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მახსოვს, როგორ მდგომარეობაში იყო ქალაქი. განსაკუთრებით მახსოვს ტრაგედიის შემდეგ როგორი ერთსულოვნება იყო ხალხში, ასეთი ერთსულოვნება ჩვენ 9 აპრილის შემდეგ არ გვინახავს. მადლობელი ვარ ხსოვნისთვის, რომელსაც იჩენს საზოგადოება და ქალაქის ხელმძღვანელობა. ჩემი ოჯახისთვის მთავარია, გვახსოვდეს ივლიტა და ყველა დაღუპული ადამიანის ხსოვნა იყო ჩვენს გულებში. ჩვენ შევქმენით ივლიტას სახელობის ფონდი, რომელიც სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს აწარმოებს, ეხმარება სხვა სკოლის მოსწავლეებს, ასევე ივლიტას სახელობის ბიბლიოთეკას. გუშინ გადავეცით ივლიტას სახელობის ჯილდოები ილიას სახელობის სტუდენტებს. თბილისი მერს შარშან ვთხოვეთ ჯვრისა და სკამების გაკეთება, გაკეთებულია. ეს ადგილი რთულია ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან ყველგან ბორდიურებია, ამიტომ ვთხოვე მას გზიდან ჩამოსასვლელი რამდენიმესაფეხურიანი კიბის დამონტაჟება, ადვილად რომ მოვხვდეთ ამ ადგილზე. ყოველთვის მოვდივართ და ყვავილები მოგვაქვს. იცით, რომ ორი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი და მათი მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილების საფლავი აქ არის“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა.

ცნობისთვის: 13 ივნისის სტიქიიდან დღეს ოთხი წელი გავიდა. სტიქიის შედეგად დაიღუპა 21 ადამიანი და დაზარალდა ათასობით მოქალაქე. სტიქიამ გაანადგურა ​საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები, გვირაბები, საყრდენი კედლები, საკომუნიკაციო სისტემები. მთლიანად დაიტბორა „მზიურისა“ და ზოოპარკის ტერიტორია.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp