"არაერთ ევროპულ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გაჩნდა იმის გამო, რომ ჩამოყალიბებულია პროპორციული სისტემა"

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას თავისი რისკ-ფაქტორები და გამოწვევები აქვს.

„პროპორციულ სისტემას თავისი რისკ-ფაქტორები აქვს, ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას. არაერთ ევროპულ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გაჩნდა იმის გამო, რომ ჩამოყალიბებულია პროპორციული სისტემა. ხედავთ, ევროპაში როგორი ტენდენციაა. როგორც კი ჩნდებიან ანტისისტემური პოლიტიკური პარტიები, პროპორციული სისტემა ქმნის გარკვეულ რისკს სტაბილურობის თვალსაზრისით. არის ქვეყნები, სადაც 200 დღის განმავლობაში ვერ ყალიბდებოდა მთავრობა. იგივე ვითარება შეგიძლიათ საქართველოში წარმოიდგინოთ. თუ პასუხისმგებლიანი პარტიები ვართ, ჩვენი საქმიანობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მიმართული უნდა იყოს იქით, რომ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის: 20-მა ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად პარლამენტში 300 000 ხელმოწერა წარადგინა.

საუბარია მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასა და საპარლამენტო არჩევნების მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარებაზე უკვე 2020 წელს და არა 2020 წლის შემდეგ, როგორც ამას  „ქართული ოცნების“ ინიციატივით განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილება ითვალისწინებს. 

პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წარსადგენად საჭირო, სულ მცირე 200 000 ხელმოწერის შესაგროვებლად სპეციალური ჯგუფი თებერვალში დარეგისტრირდა. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ მილიონ ხელმოწერას შეაგროვებდნენ.

„ჩვენ დღეს შეგვაქვს 300 000 ხელმოწერა, მაგრამ კამპანია გრძელდება მილიონი ხელმოწერის შესახებ. 10 დღის განმავლობაში ხელმოწერების ნამდვილობას პარლამენტი იხილავს, შემდეგ უკვე სესიაზე საერთო საჯარო განხილვის სპეციალური კომისია იქმნება, რომელიც ერთთვიან შეხვედრებს ჩაატარებს საქართველოს მასშტაბით. შემდეგ პროცესი გადავა პარლამენტში, ჯერ კომიტეტში, შემდეგ სხდომაზე და ალბათ, დაახლოებით შემოდგომისთვის გვეცოდინება, თუ რა ელოდება „ქართულ ოცნებას“ - არჩევნებისა და კანონიერი გზით გარკვეული პოლიტიკური შესუნთქვები, თუ სხვა გზებით ცოტა უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება, პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტაც” - განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა მამუკა კაციტაძემ.


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp