„სამხრეთის კარიბჭე“: „წაღვერთან მკვლელობისა და ძარცვის საქმეზე დაკავებულ პირთაგან ერთ–ერთი საკრებულოს დეპუტატის შვილია“

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერთან ავტოგასამართი სადგურის გაძარცვისა და 59 წლის კაცის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. მათგან ერთი – 17 წლის კ.შ. სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ერთ–ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატის შვილია, - იუწყება „სამხრეთის კარიბჭე“. 

„გუშინ დააკავეს და როგორც ვიცი, 178-ე მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. ჩემი შვილი არასრულწლოვანია და ამიტომ ვერაფერს ვერ გეტყვით, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. რა მოხდა, საერთოდ არ ვიცი“, – განუცხადა საკრებულოს დეპუტატმა "სამხრეთის კარიბჭეს".

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დაბა წაღვერთან მომხდარი მკვლელობისა და ძარცვისთვის სამი პირი: 1998 წელს დაბადებული ნ. მ., 2000 წელს დაბადებული შ. ა. და 2002 წელს დაბადებული კ.შ. დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, 12 ივნისს, გამთენიისას, დაბა წაღვერის მიმდებარედ, 1960 წელს დაბადებულ ა.პ.-ს, ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, რამდენიმე პირმა კუთვნილი ავტომობილი დაუზიანა, ერთ-ერთმა მათგანმა კი თავის არეში სიცოცხლისთვის საშიში ჭრილობა მიაყენა. ა.პ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„ბრალდებულები მკვლელობის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ავტოგასამართ სადგურში მივიდნენ და ძალადობის მუქარით ოპერატორი გაძარცვეს. პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამნაშავეთა ვინაობა დანაშაულების ჩადენიდან რამდენიმე საათში დაადგინა და სამივე მათგანი მალევე დააკავა

ნ.მ.-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობა, ხოლო შ.ა. და კ.შ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით ჩადენილ ძარცვაში არიან ბრალდებული. დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით დაინიშნა კომპლექსური ექსპერტიზები“, – აცხადებენ შსს-ში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით და 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
გახარია ფაშინიანს შეხვდა