საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით პროკურატურას კითხვით მიმართავს

საერთაშორისო სამსახიობო სააგენტო „ასკონა ჰოლტი“ საქართველოს პროკურატურას საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან დაკავშირებით წერილს უგზავნის.

წერილში, რომელიც საქართველოს გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის სახელზეა გაგზავნილი, სააგენტო უწყებისგან ითხოვს პასუხს კითხვაზე, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი გაერთიანების წევრ არტისტს, პაატა ბურჭულაძეს საჩივარში დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოიკვეთა თუ არა მისი ბრალეულობა 2017 წლის სექტემბერში, აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, გამოძიება დაიწყო ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ფონდ "იავნანას" კუთვნილი თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე.

„მოგმართავთ მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სახელოვნებო სააგენტოს „ასკონას ჰოლტის“ ხელმძღვანელი, 1983 წლიდან ჩვენი გაერთიანების წევრი არტისტის, მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლის პაატა ბურჭულაძის საქმესთან დაკავშირებით.

2017 წლის 20 სექტემბერს საქართველოს პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიმართ, ნაკლებად ცნობილი ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე, რასაც თავის მხრივ საფუძვლად დაედო „შავი პიარის“ ტრადიციების გამოყენებითა და სიძულვილის ენით მომზადებული ფილმი.

გავიდა ერთი წელი და 9 თვე და ჯერ ისევ უცნობია, მიუძღვის თუ არა რაიმე ბრალი ჩვენი გაერთიანების წევრ არტისტს, ბატონ პაატა ბურჭულაძეს საჩივარში დაყენებულ საკითხებთან დაკავშირებით და გამოიკვეთა თუ არა მისი რაიმე ბრალეულობა აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით;

სახეზეა ფაქტი, რომ საქართველოში განხორციელებული დისკრედიტაციის კამპანიის ავტორები (რასაც ამყარებდა პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ფაქტი) შეეცადნენ უცხოეთშიც დაეზიანებინათ ჩვენი არტისტის რეპუტაცია და უნდა მოგახსენოთ, რომ პაატა ბურჭულაძის კარიერა ევროპასა და უცხოეთის სხვა ქვეყნებში მართლაც მნიშვნელოვნად დაზიანდა. ევროპის თეატრებში სატელეფონო ზარები განახორციელეს უცნობმა პირებმა, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ პაატა ბურჭულაძეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ელოდა. მისი დისკრედიტაციისთვის ასევე, გამოყენებული იქნა wikipedia“,- ნათქვამია განცხადებაში.

წერილში ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ სააგენტო წლების განმავლობაში ხელს უწყობდა პაატა ბურჭულაძეს საქველმოქმედო კონცერტების გამართვაში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ოჯახების დასახმარებლად და რომ მსოფლიოში ცნობილი მაღალანაზღაურებადი უცხოელი არტისტები სრულიად უანგაროდ ჩამოდიოდნენ საქართველოში და ეხმარებოდნენ ქართველ ბავშვებს:

„ამჟამად, საქველმოქმედო აქციები შეჩერებულია და არც ერთი არტისტი აღარ გამოთქვამს საქართველოში ჩამოსვლის სურვილს... ჩვენთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, საკუთარი ქვეყანა ცილს სწამებდეს და დევნიდეს ასეთ სახელოვან არტისტს.

გთხოვთ, უმოკლეს ვადაში უპასუხოთ ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებს, რათა შევძლოთ ინფორმაციის მიწოდება იმ თეატრებისა და საკონცერტო დარბაზების დირექციებისთვის, რომელთაც ბატონი პაატა ბურჭულაძის მოღვაწეობა უკავშირდება“, - ნაქვამია სახელოვნებო სააგენტო „ასკონას ჰოლტის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურაში ადასტურებენ, რომ პაატა ბურჭულაძის საქმეთან დაკავშირებით კომპანია „ასკონა ჰოლტის“ დირექტორის წერილი მიიღეს. პროკურატურის განცხადებით, წერილში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ფონდ „იავნანას“ დამფუძნებლის საქმეზე, პასუხი ერთია, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. 

ბურჭულაძის განცხადებით, გარკვეული ძალები მის დისკრედიტაციას ცდილობენ. კერძოდ. რეკავენ თეატრებში და აცხადებენ, რომ მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება და შესაძლოს, დააკავონ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp