კარასინი – ლუგარის ლაბორატორიაზე: "რუსეთი მიესალმება ქართული მხარის წინადადებას"

რუსეთი მიესალმება ქართული მხარის წინადადებას, რომ რუს ექსპერტებს ლუგარის ლაბორატორიის მონახულების შესაძლებლობა ექნებათ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრაზე ქართულ მხარეს მადლობა გადავუხადე წინადადებისთვის, რომ რუს ექსპერტებს თბილისში, ლუგარის ლაბორატორიის მონახულების საშუალება ექნებათ. ჩვენ ამას ვთვლით სწორად, მაგრამ შევთანხმდით, რომ საქართველოში ჩამოსვლამდე, რუსმა ექსპერტებმა შეხვედრები უნდა გამართონ და დეტალები შეათანხმონ. რატომ ჩამოდიან? ჩამოდიან, რომ ნახონ. ექსპერტები არიან და ტელეკომპანიების მიერ მომზადებულ რეპორტაჟებს არ ენდობიან“, – თქვა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ სპეციალისტები დაინტერესებული არიან ლაბორატორიის ფუნქციონირების შესწავლით, კითხვების დასმით და პასუხების მიღებით,თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, როდის გეგმავენ რუსი ექსპერტები საქართველოში ჩამოსვლას.

კომენტარი გააკეთა ზურა აბაშიძემაც. მისი  თქმით, ლუგარის ლაბორატორიის კარი ღიაა,ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთს კრიტიკული მოსაზრებები აქვს, ამიტომ მათ შეუძლიათ, ჩამოვიდნენ და ობიექტი მოინახულონ.

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის მხარე გამუდმებით აყენებს კრიტიკულ კონტექსტში საკითხს ე.წ. ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობასთან დაკავშირებით, ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ აღნიშნული ცენტრის კარი ღიაა ყველა ქვეყნის, მათ შორის რუსი მეცნიერებისა და ექსპერტებისთვის”,- განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp