ბერძენიშვილი – საპატრიარქოს განცხადებაზე: „ილია მეორე ტესტს გვიტარებს“

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ–ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საპატრიარქოს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომელიც 18-23 ივნისს დაგეგმილ "თბილისი პრაიდს" ეხება.

ბერძენიშვილის თქმით, "აღმაშფოთებელია საპტრიარქოს მორიგი "ტაბურეტკა" განცხადება". 

"ფაქტობრივად, ეს ანტიდასავლური მორიგი გამოხტომაა, ტესტს გვიტარებენ დემოკრატიულ კუნძულებს ქვეყანაში. გახარიას უწყებაა პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე, რა თქმა უნდა. ამასთანავე, მთელ ხელისუფლებასაც უტარებს ტესტს ილია მეორე და მისი ანტიდასავლური გარემოცვა - პრეზიდენტ ტრამპის გუშინდელმა ერთმნიშვნელოვანმა მხარდაჭერამ ლგბტქ თემის მიმართ, მოწოდებამ, რომ წინ უნდა აღუდგნენ სხვა ქვეყნებში მათ ჩაგვრას, საპატრიარქო შეაშფოთა და მყისიერად უპასუხა დასავლეთს (საელჩოებს მიმართა), ჩვენთან არ გაგივათო. 

ასეთ დროს არ შეიძლება, რომ ადამიანის უფლებების პრიორიტეტი ვისაც გვაქვს დეკლარირებული ქართულ პოლიტიკაში, ვინც თავს პროდასავლურ ძალად მივიჩნევთ, წავუყრუოთ ილია II-ის მორიგ მუქარას - "ტაბურეტკის" წახალისებას. ეს მისი პოლიტიკაა, ანტიდასავლური პოლიტიკა. ქართველი ერის სახელით მანამ ილაპარაკებს საპატრიარქოს რენეგატი, რეტროგრადი უმრავლესობა, სანამ ქართული პოლიტიკა ამის საშუალებას მისცემს. არასამთავრობო სექტორი, მედია, პროდასავლური პარტიები - ესაა დემოკრატიული ინსტიტუციები და ყველას მოგვეთხოვება, არ ჩავდგეთ სირაქლემას პოზაში. ასე ვფიქრობდი ათეული წლების წინაც და ასე ვფიქრობ ახლაც", - წერს ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში. 

ცნობისთვის: საქართველოს საპატრიარქომ დღეს 18-23 ივნისს დაგეგმილი "თბილისი პრაიდის" კვირეულის შესახებ განცხადება გაავრცელა და ხელისუფლებას მოუწოდა, არ დაუშვან ღონისძიების ჩატარება. 

საპატრიარქოს განცხადება:

“ცხოვრების წესი, რომლსაც LGBT პირები ეწევიან, სოდომურ ცოდვას წარმოადგენს და ამდენად ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ სარწმუნოებას და ტრადიციული რელიგიების მოძღვრებებს, ისე ზოგადად მორალურ ღირებულებებს.

ხაზს ვუსვამთ, რომ ეკლესია ემიჯნება ცოდვას, მაგრამ არა მონანულ ცოდვილს, რომელსაც სიყვარულით იწყნარებს და ეხმარება ღმერთთან დაბრუნებაში.

სამწუხაროდ, LGBT გარკვეული ჯგუფები და მათი მხარდამჭერები უცხო ქვეყნებს ისე აწვდიან ინფორმაციას, თითქოს საქართველოში ისინი დიდად შევიწროებულნი და დევნილნი არიან და ამ მოტივით სერიოზულ დაფინანსებას იღებენ. მათ სურთ თავისი აქტივობა ისე წარმოაჩინონ, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა, სინამდვილეში კი ეწევიან თავისი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და პროპაგანდას და მისი ოფიციალურად დაკანონება აქვთ განზრახული.

როდესაც მცირე ჯგუფი ცდილობს თავისი პოზიცია თავს მოახვიოს მთელ მოსახლეობას, ეს, თავისთავად, იწვევს მკვეთრ უკურეაქციას, ვინაიდან წარმოადგენს მიზანმიმართულ ქმედებას, უმრავლესობის ღირსების შეურაცხყოფას, მათ არჩევანზე ძალადობას და ამდენად არის მაპროვოცირებელი არეულობისა და დაპირისპირებისა.

ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ ძალადობას და ამავე დროს ვაცნობიერებთ რა დიდ საშიშროებას, რომელიც შეიძლება ე. წ. გეი-პრაიდის ჩატარებას მოჰყვეს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, არ დაუშვან აღნიშნული ღონისძიება, რომელიც წინასწარვე არის ცნობილი, რომ გამოიწვევს საზოგადოებრივ შფოთს.

ასევე მოვუწოდებთ და ვთხოვთ საქართველოში აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, სახალხო დამცველს და სხვა ინსტიტუციებს, რათა გამოიჩინონ უფრო ფრთხილი დამოკიდებულება ქართველი ხალხისათვის ამ მეტად მგრძნობიარე საკითხისადმი და ნუ წაახალისებენ ჩვენს ქვეყანაში მსგავს აქტივობებს; ამით ისინი ხელს შეუწყობენ სამოქალაქო მშვიდობის შენარჩუნებას და გამოხატავენ ჩვენი მოსახლეობისადმი პატივისცემასა და მხარდაჭერას”.

ცნობისთვის: 31 მაისს  შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, "თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილ ადგილებზე და ფორმატით ღონისძიებების ჩატარება, პროცესში ჩართული პირების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელია“. იმავე დღეს "თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ შეილახა აქციისა და მანიფესტაციის გამართვის უფლება, რისთვისაც ისინი სტრასბურგის სასმართლოს მიმართავენ. მათივე თქმით, შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, "თბილისი პრაიდის" გუნდი აგრძელებს კვირეულის ორგანიზებას. 

18-23 ივნისის ჩათვლით ლგბტქი თემი თბილისში სიამაყის კვირეულის გამართვას გეგმავს. "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის – მსვლელობა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
ბიძინა ივანიშვილს 13–წუთიანი გამოსვლა ტაშით 33-ჯერ შეაწყვეტინეს