დავით–გარეჯის შფოთიანი ხუთშაბათი: ბაქოს გზავნილი, თუ პროვოკაცია?

დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 აპრილს კიდევ ერთხელ იქცა საზოგადოების მღელვარების საგნად. როგორც დღეს გახდა ცნობილი, ჯერ კიდევ 3 დღის წინ აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზა დაიკავეს და ქართველ ტურისტებსა და მომლოცველებს ტაძარში აღარ უშვებდნენ.

საუბარია სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილზე, სადაც უძველესი ფრესკები და სიწმინდეებია დაცული.

სსრკ-ის დაშლისა და საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებისშემდეგ დღემდე ოფიციალურად სახელმწიფო საზღვრის მხოლოდ ნაწილია განსაზღვრულიპროცესიძირითადად მე–6 საუკუნის ქართული კულტურული ძეგლის  – გარეჯის სამონასტრო კომპლექსისერთი მონაკვეთის გამო შეფერხდა: კელიების ნაწილი აზერბაიჯანის მიერ კონტროლირებულტერიტორიაზეა მოქცეული 

„მონასტერთან მისასვლელი ორივე მხარე გადაკეტეს. კელიებში შესვლა ვერ ხერხდება. ასეთი რამ ძირითადად დღესასწაულებზე ხდება. გაზაფხული–ზაფხულის პერიოდში შესაძლოა, თვეში ერთხელ მომხდარიყო მსგავსი რამ: ამოდიოდნენ ხოლმე, მაგრამ მაშინ ერთ–ორი საათით დადგებოდნენ, მერე ბაზაზე ბრუნდებოდნენ და არა ასე, დილიდან საღამომდე რომ ჩაეკეტათაქაურობა. ბოლოს 2012 წელს მოხდა, როცა ხანგრძლივი დროით ჩაკეტეს, მაგრამ მაშინ არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებიათ, უბრალოდ იდგნენ.  ახლა კი რაღაცას აშენებენ და თხრიან, ბილიკი გაჰყავთ, რომ პატრულირება განახორციელონ. ეს აქ ფეხის მოკიდების მცდელობაა, ისევე, როგორც ჩიჩხიტურის მონასტერზე მოხდა. ბილიკის გაყვანამდე მათ ქედზე გადასვლა და შედარებით დიდი მანძილის გავლა უწევთ, ბილიკის გაყვანის შემდეგ კი გზას იმოკლებენ, ეს ბილიკი აღდგომის ტაძართან ამოდის. ღმერთმა ქნას, ეს დროებითი მოვლენა იყოს. თუ ასე გაგრძელდა, ალბათ, დავკარგავთ კიდეც. არ ვიცით, რა გეგმა აქვთ, ეჭვის დონეზე ვიცით, რომ დავით-გარეჯი ალბანური კულტურის ნაწილად უნდათ, გამოაცხადონ. აზერბაიჯანელი ისტორიკოსები მუდმივად ამაზე საუბრობენ“,– ჰყვება ადგილობრივი გიდი.

მისივე თქმით, ადგილზე ქართველი მესაზღვრეები რეგულარულად იმყოფებიან.

„აზერბაიჯანელი მესაზღვრეები რომ აქ თვეში ერთხელ ამოდიოდნენ, ქართველებირეგულარულად დგანან. ორივე მხარე ასრულებს იმას, რაც ნაბრძანები აქვს“,– აღნიშნა გიდმა.

მას შემდეგ, რაც საკითხს მღელვარება მოჰყვა, საქართველოს საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ „აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და საკითხის დარეგულირებაზე ვმუშაობთო“, მოგვიანებით კი თქვეს, „პრობლემა დროებით მოგვარდაო“.

„საუბარი მქონდა ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან. სიტუაცია ამ დროისთვის მოგვარებულია. ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ გახსნასპუნქტები, რომელიც დაკეტილი იყო“,– განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმადავით ზალკალიანმა.

თუმცა კითხვებზე, რასთან გვქონდა საქმე, რატომ და ვისგან მიიღეს შესაბამისი ბრძანება აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, რადგან რთული დასაჯერებელია, მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ ადგილობრივ, დაბალ დონეზე ყოფილიყო მიღებული, ეს დროებითი მოვლენაა, თუ რაღაც პროცესის დასაწყისი, - პასუხები ამ დროისთვის არ გვაქვს.

დეპუტატმა გია ვოლსკიმ პროვოკაცია არ გამორიცხა, თუმცა ვისი მხრიდან - არ დაუზუსტებია:  

„ყველას უნდა დაველაპარაკოთ –  ეკლესიასაც, აზერბაიჯანსაც, რადგან დიპლომატიური ხაზები არსებობს. გადასამოწმებელია ყველა ინფორმაცია, რომელიც საკითხს ეხება. არც პროვოკაციას გამოვრიცხავ. ფაქტია, ამ თემაზე მუშაობაა საჭირო. ეს ერთ-ერთი გამოწვევაა, რომელიც ქვეყანას აქვს, თუმცა ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, რაც საქართველო-აზერბაიჯანს გააჩნიათ, ეს პრობლემა დღის წესრიგში აღარასოდეს უნდა დადგეს“.

პროვოკაციის ვერსიას ყველაზე ცუდ შემთხვევაში განიხილავს კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე, კიდევ ერთ ვერსიად კი იგი "აზერბაიჯანულ მესიჯს" ასახელებს, საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაგანახლდეს.


საზღვრის დროულად დადგენის აუცილებლობაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თებერვლის ბოლოს გამართული ვიზიტისას აზერბაიჯანელ კოლეგასთან ისაუბრა. ორი ქვეყნის პირველი პირები საქმის ბოლომდე მისაყვანად საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობის განახლებაზე შეთანხმდნენ. 

„ჩვენი მეგობრობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უნდა მივცეთ სადელიმიტაციო კომისიას მითითება, განაახლოს მუშაობა, მივიყვანოთ ეს მუშაობა ბოლომდე და საბოლოოდ დავადგინოთ ჩვენი ერთობლივი საზღვარი, რომელიც უნდა იყოს გამაერთიანებელი და არა გამიჯნვის ზღვარი. მაგრამ ნორმალურია, რომ გამომდინარე ჩვენი მეგობრული ურთიერთობებიდან, ეს საკითხი ბოლოსდაბოლოს დასრულდეს ამდენი წლის შემდეგ“,– განაცხადა მაშინ სალომე ზურაბივილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ბაქოში ვიზიტიდან გარკვეული დრო გავიდა, თუმცა კომისიას მუშაობა არ განუახლებია.

"არ ვიცი, ვისი ბრალია, - ქართული მხარის, თუ აზერბაიჯანულის. თუ აზერბაიჯანული მხარე ამაზე [ბოლო დღეების ნაბიჯებზე] იმ მოტივით წავიდა, რომ კომისიას არ დაუწყია მუშაობა, მაშინ ეს მისაღები არ არის, მაგრამ გასაგებია, ხოლო თუ არა, მაშინ კიდევ უფრო რთულად ყოფილა საქმე: ყველაზე ცუდ ვარიანტში ეს პროვოკაციაა და მაშინ აზერბაიჯანულმა მხარემ შესაბამისი პასუხი უნდა მიიღოს. აზერბაიჯანის მხარე ამას [დავით–გარეჯის სადავო ნაწილს] თავის ტერიტორიად თვლის, ქართული მხარე – თავისად. ამ საკითხზე შესაბამისმა უწყებებმა უნდა იმსჯელონ. თუ ჩვენ ვიეჭვიანებთ (და ეჭვის საფუძველი ნამდვილად გვაქვს), რომ აზერბაიჯანს რაღაც დივიდენდების მიღება სურს და ქართულ მხარეზე ერთგვარი ზეწოლის მექანიზმია, ვფიქრობ, ეს უშედეგო იქნება" - ამბობს ამასთან დაკავშირებით მამუკა არეშიძე.

მისივე ვარაუდით, ქართულმა მხარემ ამ მონაკვეთთან დაკავშირებით თავიდანვე – 1990–იან წლებშივე არასწორი ნაბიჯები გადადგა, კერძოდ, "არასწორ რუქებს" დაეყრდნო:

"არსებობს 2500–იანი მასშტაბის რუქები და სხვანაირიც; არსებობს 1938 წლის დოკუმენტები და სხვებიც... ეს ძალიან რთული და ფაქიზი თემაა. არსებობს დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც, სულ მცირე, აზერბაიჯანული მხარის პრეტენზია საეჭვოა. მაგრამ არსებობს ისეთი რუქები და დუკუმენტებიც, რომელთა მიხედვითაც, აზერბაიჯანული მხარის პრეტენზიები თითქოს გამართლებულია. ამ რუქების მასშტაბებში დიდი განსხვავებაა: მათზე ეს ყველაფერი სხვადასხვანაირად ჩანს. ეს რუქები საბჭოთა კავშირის პერიოდშია შედგენილი და გააჩნია, შენ სამუშაო ვარიანტად რომელს მიიღებ. მე ეჭვი მაქვს, რომ 1994–1995 წლებში ქართული მხრიდან ვიღაც სულ მცირე, არაკეთილსინდისიერად მოიქცა".

კონფლიქტოლოგი ფიქრობს, რომ დავის გადაწყვეტამდე და საზღვრების საბოლოო დადგენამდე სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მსგავსი ინციდენტების თავიდან არიდება შესაძლებელია:  

"ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, მაგრამ შესაბამისი მუშაობაა საჭირო. მაგალითად, ჩვენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეებისთვის მიწის ნაკვეთები გვაქვს მიყიდული. მსგავსი რამ წარმოგიდგენიათ?! ეს არის ალაზნის პირას, მეორე მხარეს – ერისიმედის მიმდებარე ტერიტორიაზე – საქართველოს მოქალაქეებზე გაყიდულია სამი ნაკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ ის კონკრეტული ადგილი დემარკირებულია და ეს ყველამ იცოდა“.

კომისიასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსჯელობა უახლოეს დღეები წარიმართება:

„მომავალში აუცილებლად აქტიურად ვიმუშავებთ, რათა პროცესი, რომელიც დაკავშირებულია საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან, უფრო ინტენსიურად წარიმართოს. მოგეხსენებათ, პროცესი შეფერხებული იყო კომისიებში არსებული ცვლილებების გამო. აზერბაიჯანის მხრიდან კომისიაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა. ჩვენ ამაზე მსჯელობა უახლოეს დღეებში გვექნება და პროცესი დაიწყება. იმედი გვაქვს, ეს საკითხი ორ მხარეს შორის მოლაპარაკების გზით აუცილებლად მოგვარდება“ - განაცხადა მინისტრმა.

დავის ისტორიული საფუძვლები და აზერბაიჯანული მხარის არგუმენტები

ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის ცნობით, პრობლემა სათავეს საბჭოთა კავშირის პერიოდიდან იღებს, როდესაც საბჭოთა ხელისუფლებამ კავშირში შემავალ რესპუბლიკებს ტერიტორიები „დაუნაწილა“:


„მაგრამ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში – 1970–იან წლებში დავით–გარეჯის გამო საბჭოთა საქართველოსა და საბჭოთა აზერბაიჯანს შორის იყო საუბარი საზღვრის დემარკაციაზე, მცდელობაც მოლაპარაკების, რომ ეს არ ყოფილიყო რაიმე სახის პრობლემების შემქმნელი, მაგრამ რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მაშინაც კი ვერ მოხერხდა საკითხის გადაჭრა. სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც უაღრესად მეგობრული ურთიერთობებია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, მიუხედავად იმისა, რომ მრავალგზის იყო მცდელობა, საკითხი არაფრით იძვრის და წინააღმდეგობა ხდება ჩვენი მეზობლების მხრიდან. მეგობარ სახელმწიფოებს შორის მსგავსი პრობლემები არ უნდა არსებობდეს და ალბათ, აზერბაიჯანული მხარეც ხედავს ამას. გვქონდა ამ თემაზე აზერბაიჯანელებთან საუბრები და როგორც ამბობენ, რადგანაც მთის ქედზე გადის საზღვარი, სტრატეგიული მნიშვნელობის არის თითქოს აზერბაიჯანისათვის და ამას უსვამენ ხაზს. არ მგონია, ამდენად მნიშვნელოვანი იყოს ნახევრადუდაბნოში სტრატეგიული სიმაღლეების ფლობა“.

რაც შეეხება კიდევ ერთ არგუმენტს, რომ უდაბნოს მონასტერს აზერბაიჯანი კავკასიის ალბანურ ძეგლად განიხილავს, თავად კი თავს თვლის ისტორიულ მემკვიდრედ, მას ისტორიკოსი არასერიოზულად მიიჩნევენ:

„შესაძლოა, ეს პირდაპირ საქართველოს არც კი ეხება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჯერ ერთი, აზერბაიჯანმა თავი ალბანური კულტურის მემკვიდრედ გამოაცხადა, მეორე – ეს მოხდა სწორედ ყარაბაღის კონფლიქტის გამო: ყარაბაღში არსებული სომხური ძეგლები ასევე გამოაცხადეს ალბანურ ძეგლებად, ამ ამბავში მოხვდა ჩვენი ძეგლებიც. ცხადია, ეს დავით-გარეჯს არ ეხება, უფრო მეტად საინგილოზეა საუბარი, ვთქვათ, ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაზე, რომელსაც აზერბაიჯანელები ალბანურად აცხადებენ. ის იმ პერიოდშია აშენებული, როდესაც არანაირი ალბანეთი არ იყო. დავით–გარეჯთან მიმართებაში კი ამის დასაბუთება განსაკუთრებულად რთული იქნება. ზოგადად, დღეს სასაცილოა ადრეული შუა საუკუნეებიდან გამომდინარე არგუმენტაციით დღევანდელ საზღვრებზე საუბარი. ეს აბსურდულია ჩვენი მხრიდანაც და ასევე სხვების. ეს არის არარეალისტური დამოკიდებულება სამყაროსადმი და ცხადია, რომ ეს დღეს არანაირ არგუმენტს არ წარმოადგენს. ალბანეთს, ისევე, როგორც საქართველოს სამეფოებს და სამთავროებს საზღვრები მუდმივად ეცვლებოდათ. ვის რომელი აწყობს, იმას იყენებს –  როდესაც ყველაზე დიდი იყო. ამას დღეს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. დღეს დღევანდელი რეალობიდან უნდა ვისაუბროთ: თუ გვინდა კეთილმეზობლური ურთიერთობა, მოლაპარაკება რაღაცნაირად უნდა შევძლოთ, თუნდაც დავით–გარეჯთან დაკავშირებით“.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp