ლევან ვასაძე: "სიბილწის პროპაგანდისტებს არ ვაზეიმებთ"

"ჩვენ იმისთვის მოვედით, რომ საქართველოში გარყვნილების ზეიმი არ დავუშვათ, ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში რამდენი ელჩიც არ უნდა ერეოდეს, რამდენი ზეწოლაც არ უნდა მოახდინონ ჩვენს საზოგადოებაზე, ანტიკავკასიურ, ანტიტრადიციულ ცხოვრების წესს სიბილწის პროპაგანდისტებს ჩვენ არ ვაზეიმებთ", – განაცხადა კანცელარიასთან მისულმა ლევან ვასაძემ, სადაც იგეგმებოდა ლგბტ აქტივისტების აქცია "სახელმწიფო, სად ხარ?". 

აქცია „პრაიდის“ ორგანიზატორებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც 14 ივნისს გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, სადაც საპატრიარქოს წარმომადგენლები მოუწოდებენ ხელისუფლებას არ დაუშვან თბილისში "პრაიდის" ჩატარება.

აქციაზე თანამოაზრეებთან ერთად მისულმა ლევან ვასაძემ ისიც თქვა, რომ სამღვდელოებაზე, მღვდელთმთავრებსა და მეუფეებზე უპრეცედენტო მასშტაბის ზეწოლას აქვს ადგილი.

“შეხვედრა იყო ერთ-ერთ დასავლურ საელჩოში. ვიცით, რომ ეს არის პირდაპირი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. იმის ნაცვლად, რომ ის დასავლეთი, რომელსაც ჩვენ შევღაღადებდით და მივმართავდით, როგორც ჩვენს იმედს, რომ გავთავისუფლდებოდით საძულველი მარქსიზმისაგან, შემდეგი ფორმაციის გალიად მოგვევლინა - ცდილობს დაგვაძალოს ანტიტრადიციული, ანტიქრისტიანული ანტიკავკასიური, ანტიქართული ნორმები, რომელიც ჩვენთან ნორმა ვერასდროს ვერ გახდება. ეს ხალხი ვინც ამას აპირებს ["თბილისი პრაიდის" გამართვას], უცხოელი ელჩების ჩათვლით ვინც ახდენს ზეწოლას ჩვენს სახელმწიფოზე, არიან დამნაშავეები იმაში, რომ ერევიან ჩვენი ქვეყნის საქმეში და ახდენენ პირდაპირ პროვოკაციას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.[...] თუკი ჩვენ, საქართველოში სოდომის უკიდურესი სექსუალური გარყვნილების ნორმებს დავამკვიდრებთ, შეგვიძლია, დავემშვიდობოთ გამთლიანებას იმიტომ, რომ ოსები და აფხაზები არასდროს არ მოინდომებენ ჩვენთან გაერთიანებას. [...] წესები ჩვენ დაგვიდგინა არა ჯორჯ სოროსმა და მსგავსმა ჭინკებმა", -განაცხადა ვასაძემ. 

ბიზნესმენი ამბობს, რომ ის 15 ივნისს შეხვედრას გამართავს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეუშალოს ხელი "თბილისი პრაიდის" ჩატარებას.

“ჩემი დაპატიჟება ძირითადად მამაკაცებს შეეხება. ის გასაკეთებელი, რაც ჩვენ გვექნება, კაცების გასაკეთებელი იქნება. რა უნდა გავაკეთოთ და როგორ, ყველაფერს აქციაზე აგიხსნით. მე დავპატიჟებ მხოლოდ ზრდასრულ მამაკაცებს და ვთხოვ, რომ ბავშვები და ქალები სახლში დარჩნენ“, - აცხადებს ლევან ვასაძე.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორებსა და აქციის მონაწილეებს ლევან ვასაძის მხარდამჭერებისგან პოლიციის კორდონი ჰყოფს. აქცია კანცელარიასთან დაგვიანებით დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp