საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის რაიონში “დეპუტატობის” კანდიდატად კრიმინალური ელემენტი წარადგინა

ორი კვირის წინ, 11 აპრილს დე ფაქტო შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია მოკრივე რიჩარდ ბითიევის დაკავების შესახებ, რომელიც მისი კოლეგის – თაირ ქელეხსაევისთვის ცეცხლნასროლი ჭრილობების მიყენებაში იყო ეჭვმიტანილი.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდები ერთმანეთს სპორტული ბრძოლის წინა დღეებში ცხინვალში გადაეყარნენ და მათ შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ბითიევმა ქელეხსაევი ტრავმატული იარაღიდან ქვედა კიდურების არეში რამდენჯერმე დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. იგი ძებნაში გამოაცხადეს, მოგვიანებით კი ახალგორის რაიონში დააკავეს.

ამასთან, ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციაში მიიჩქმალა რამდენიმე “უმნიშვნელო” დეტალი:

  • კერძო სახლში, რომელშიც ბითიევის აყვანა განხორციელდა, უკვე დიდი ხანია, მმართველი პარტია “ერთიანი ოსეთის” ადგილობრივი განყოფილების თავმჯდომარე სპარტაკ დრიაევი სახლობს, თანაც სახლობს, როგორც ადგილობრივები ყვებიან, პატრონის ნებართვის გარეშე, რომელმაც ოკუპირებული რეგიონი მრავალი წლის წინ დატოვა…

ცნობისთვის: ეს ის ბ-ნი დრიაევია, რომელმაც ახალგორელ სამოქალაქო აქტივისტ თამარ მეარაყიშვილს “მმართველი პარტიის მიმართ ცილისწამების” ბრალდებით უჩივლა …

და ის ბ-ნი დრიაევი, რომელიც ამჟამად ოსურ პარლამენტში მმართველი პარტიიდან ახალგორის რაიონის დე ფაქტო მაჟორიტარ დეპუტატადაა წარდგენილი...

  • ბითიევის დაკავების მომენტისთვის სახლში სპარტაკ დრიაევის გარდა, იმყოფებოდა მმართველი პარტიის კიდევ ერთი კანდიდატი – დე ფაქტო პრეზიდენტის თანაშემწე ალან გაბატოვი... როგორც ამბობენ, რომ სწორედ მან გადაიყვანა ძებნაში გამოცხადებული მოკრივე სამსახურებრივი მანქანით ცხინვალიდან ახალგორის რაიონში.


შესაბამისად, მმართველი გუნდის ეს “სასიქადულო” წარმომადგენლები, რომლებიც, დიდი ალბათობით, ოსური პარლამენტის ახალ შემადგენლობაში მოხვდებიან, ფორმალური თვალსაზრისით, ძებნილ პირს იფარებდნენ...

  • სახლში, სადაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი ბინადრობს, ჩხრეკისას გაუფორმებელი იარაღისა და საბრძოლო მასალების სამალავი აღმოაჩინეს.

და მართალია, ამის გამო ბ-ნი დრიაევის დაკავება მოუწიათ და ცხინვალელ სამართალდამცველებს იგი შს რაიონულ განყოფილებაშიც კი ჰყავდათ გადაყვანილი, თუმცა გავლენიანი ცხინვალელი მფარველების წყალობით დაკავებული იმავე დღეს გაათავისუფლეს.

მეორე დღეს გაკეთებულ განცხადებაში კი დე ფაქტო შს მინისტრს არც დრიაევის დაკავება/გაშვების ამბავი უხსენებია, არც ის, რომ მოკრივე მის მიერ ოკუპირებულ სახლში დააკავეს, არც იარაღის სამალავის აღმოჩენა…

მეტიც: ბ-ნი დრიაევიცა და მისი თანაპარტიელი გაბატოვიც დე ფაქტო დეპუტატობის კანდიდატებად რჩებიან.

თუმცა როგორც ადგილობრივი ანალიტიკოსები ვარაუდობენ, ეს კრიმინალური ისტორია მმართველი პარტიის ოპონენტების მიერ დებატებისა და ამომრჩეველთან ურთიერთობის დროს აუცილებლად იქნება გამოყენებული.

პრეზიდენტ ბიბილოვის პრინციპი, თავისიანები არ მიატოვოს, რა თქმა უნდა, პატივისცემას იმსახურებს. თუმცა ეს ის შემთხვევა არაა - აქ, არჩილ ტატუნაშვილის საქმის მსგავსად, უმადურ შრომასთან გვაქვს საქმე: ამ ისტორიის ყველა მონაწილეს მშვენივრად ესმის, რომ ანატოლი ბიბილოვისა და მისი გუნდის რეპუტაციას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს, თუმცა, როგორც ჩანს, ყველას მაინც ყველაფერი აწყობს” - წერს ამასთან დაკავშირებით ადგილობრივი მიმომხილველიმურატ გუკემუხოვი. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თბილისში მიწისქვეშა სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშა გარდაიცვალა