ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლებას მიმართავს

ძალიან მძიმე საყურებელი იყო ყველაფერი, რაც გუშინ ხდებოდა მთავრობის ადმინისტრაციასთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც თითოეული მოქალაქის უფლებას იცავს, შესააბამისად, სახელმწიფო და ხელისუფლება ვალდებულია, აღასრულოს კონსტიტუცია.

„ყველა ადამიანის უფლება, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ მხარეს დგას, უნდა იყოს დაცული. სამწუხაროდ, ჩვენ გუშინ ვნახეთ, რომ ხელისუფლებამ არ ან ვერ დაიცვა მისი თანამოქალაქეების უფლებები. რაც გუშინ გვესმოდა, კონტრაქციის მონაწილეების ლიდერებისა და ორგანიზატორების მხრიდან, ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობრივი მოწოდებები, რაზეც სახელმწიფოს ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს “, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას თბილისი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. ისინი საპატრიარქოს განცხადებას აპროტესტებდნენ პრაიდის შესახებ და მთავრობას პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებდნენ. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ.

ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა.  კონტრაქციის მონაწილეები  იყვნენ აგრესიულები და შეურაცხყოფას აყენებდნენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებს. ისმოდა სიძულვილის შემცველი, ღირსების შემლახავი და ჰომოფობიური განცხადები. დააკავეს 28 პირი, თუმცა 21 ამ დროისთვის უკვე თავსიუფალია. მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
სირიაში თურქული ოპერაცია 120 საათით წყდება