სახალხო დამცველი 14 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს სახალხო დამცველი ავრცელებს განცხადებას 14 ივნისს ლგბტ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენების შესახებ და მათ შორის, კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან განხორციელებულ ძალადობრივ ინციდენტებსა და მოწოდებებზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მიმდინარეობის ადგილზე დაკვირვებით, გამოიკვეთა კონტრაქციის მონაწილეთა მხრიდან ჩადენილი არაერთი სამართალდარღვევა, რაც საგამოძიებო ორგანოთა მხრიდან დამატებით დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს.

სახალხო დამცველის განცხადებით, ადგილი ჰქონდა:

  • ჟურნალისტებზე თავდასხმასა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას;
  • ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას აქციის მონაწილეთა მიმართ;
  • სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას;

„სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, პოლიტიკური თანამდებობის პირთა მხრიდან ძალადობრივი ქმედებების დაგმობას საჯარო განცხადებებით; მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებებისა, მთელი პოლიტიკური სპექტრი უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ რომელიმე ჯგუფის დამამცირებელი მოპყრობა, მათ მიმართ ძალადობის წახალისება დაუშვებელია. ტოლერანტობა და განსხვავებულის პატივისცემა არის ის ფუნდამენტი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ სამართლებრივი წესრიგი, რასაც საფრთხეს უქმნის მსგავსი ჯგუფების გაძლიერება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ლგბტქი თემის წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა მთავრობის კანცელარიასთან შეკრება 14 ივნისს მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც გავრცელდა საპატრიარქოს განცხადება, რომლის თანახმადაც, საპატრიარქო მოუწოდებდა ხელისუფლებას, არ დაეშვა 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ ჩატარება.

პარალელურად, მთავრობის კანცელარიის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს სასულიერო პირებმა, ​ ჰომოფობიურად განწყობილმა მოქალაქეებმა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ლგბტქი თემის წევრებსა და მათ მხარდამჭერ სამოქალაქო აქტივისტებს, ემუქრებოდნენ და ცდილობდნენ გაერღვიათ პოლიციის კორდონი, რომელიც ორ აქციას ერთმანეთისგან ყოფდა.

ისინი ასევე ემუქრებოდნენ და ხელს უშლიდნენ პროფესიული საქმიანობის შესრულებაში იქ მომუშავე ჟურნალისტებს.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp