„საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რუსეთის დუმის დეპუტატებიც მიიღებენ მონაწილეობას“

„ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიორგი კანდელაკის განცხადებით, „საქართველოში დაგეგმილ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში რუსეთის დუმის დეპუტატებიც მიიღებენ მონაწილეობას“.

მისივე ინფორმაციით, დელეგაციაში, რომლის წევრებიც საქართველოში რამდენიმე დღეში ჩამოვლენ, იქნება დეპუტატი გავრილოვი, რომელიც კანდელაკის მტკიცებით, ლევან ვასაძის თანამოაზრეა.

„ბატონი გავრილოვი არის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგი საეკლესიო საკითხებით მანიპულირებისა და ჯერ კიდევ 2015 წელს საკუთარ ინტერვიუში ამბობდა, რომ საქართველოში რუსეთმა თავის სტრატეგია უნდა ააგოს საეკლესიო საკითხებზე, რომ რუსეთმა უნდა გაზარდოს საკუთარი გავლენა საქართველოში სწორედ საეკლესიო საკითხების მანიპულირებით და რა კარგია, რომ საქართველოს პარლამენტში ბევრი მეგობარი გვყავსო, ამბობდა ბატონი გავრილოვი", - განაცხადა კანდელაკმა.

დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, აიცილოს ვითარების ესკალაცია და რუსეთის დუმის დეპუტატები ქვეყანაში არ უნდა შემოუშვას.

„ის შავრაზმული იდეოლოგია, რომელიც გვესმის ბატონი ვასაძის, ბატონი ლორთქიფანიძის, რომელიც პრიმაკოვის ფონდის წარმომადგენელია, ოკუპანტ სახელმწიფოსთან ღიად დაკავშირებული ძალების მხრიდან, რომელიც ამავე დროს „ქართული ოცნების“ სატელიტები არიან, ამ იდეოლოგიის მმართველები და ხელმძღვანელები რუსეთში არიან ეს ხალხი. ეს ხალხი არიან მეგობრები, ბატონი ვასაძე, ბატონი გავრილოვი, ერთი წრეა. რუსეთის დუმის ამ წევრების შემოშვება საქართველოს ტერიტორიაზე, მით უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში, არის არასასურველი ჩვენი სუვერენიტეტისთვის და ასევე ზიანს მიაყენებს საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp