მოსკოვი: „9 ივნისის არჩევნები სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების პროცესის წარმატებულობის დასტურია“

რუსეთი ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და მათ „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განმტკიცების გარანტად“ განიხილავს.

„რუსეთი მიესალმება სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნების წარმატებულ ჩატარებას. რუსმა და საერთშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ ხალხის მიერ ნების გამოხატვის პროცესი არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების საყოველთაოდ მიღებულ პრინციპებსა და სტანდარტებს შეესაბამებოდა, თავად ხმის მიცემა კი მოსახლეობის მაღალი აქტივობის პირობებში, რესპუბლიკის საარჩევნო კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა. რუსეთი ამ არჩევნებს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესის წარმატებულობის დასტურად და რესპუბლიკაში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განმტკიცების გარანტიად განიხილავს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თუმცა თავად ოკუპირებულ რეგიონში დე ფაქტო არჩევნების ე.წ. ცსკ–ის მიერ გამოცხადებულ შედეგებს ყველა როდი იზიარებს. მათი გამოცხადებიდან გასული ორდღიანი პაუზის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ნაწილმა განაცხადა, რომ შედეგები გაყალბებულია და როგორც დე ფაქტო ცსკ, ისე მმართველი ძალა მრავალრიცხოვანი დარღვევების იგნორირებაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის: ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს ჩატარდა. მათში 7 პარტია მონაწილეობდა, რომლებმაც საკუთარი კანდიდატები ერთიან და ერთმანდატიან ოლქებში წარადგინეს, ასევე 38 დამოუკიდებელი კანდიდატი. დე ფაქტო ცსკ–ის მტკიცებით, ყველაზე მეტი  – 7 მანდატი მმართველმა პარტია „ერთიანმა ოსეთმა“ მოიპოვა, მეორე ადგილზე 4 მანდატით „სახახლო პარტია“ გავიდა, 3 მანდატი პარტია „ნიხასს“ ერგო, 2 – „ხალხის ერთობას“, კიდევ ერთი – კომუნისტურ პარტიას.  სულ დე ფაქტო არჩევნებში 23 351–მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 66,24%–ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ჯავაში და ახალგორის ქართულ ნაწილში მმართველი პარტია დამარცხდა. 


ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp