ზარდიაშვილი – ვასაძეს: "კომბლები შეიძლება, გავთალოთ და დავალაგოთ ჭერში"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, როდესაც სახელმწიფო თავის ფუნქციას ეფექტურად ასრულებს, იქ კომბლების თვლა ზედმეტია.

ჟურნალისტებთან საუბარში ვანო ზარდიაშვილი ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კომბლებზე სერიოზული კომენტარის გაკეთება ზედმეტია.

„ქვეყანაში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც ნებისმიერი მოქალაქის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. ყველას მოვუწოდებ, კონსტიტუციას დაექვემდებარონ. როცა სახელმწიფო თავის ფუნქციას ეფექტურად ასრულებს, იქ კომბლების თვლა ზედმეტია. კომბლები შეიძლება გავთალოთ და ჭერში დავალაგოთ. ახალი კონსტიტუციის პირობებში ნებისმიერი ადამიანის უფლება დაცულია, სახელმწიფო ყველა ადამიანის უფლებებს დაიცავს და ზედმეტი ფორმირებებებისა და დაჯგუფებების შექმნა არასერიოზულია, რადგან სახელმწიფო ეფექტურად მოქმედებს”, – განაცხადა ზარდიაშვილმა.

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ გუშინ, ვერის ბაღში გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ თბილისში სახალხო რაზმების ორგანიზება მოხდება. ამასთან, ვასაძემ აღნიშნა: „არ მოვალთ იარაღით, მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით, მაგრამ გარდა ამისა, გვექნება კომბალი, კომბალი არ არის ცივი იარაღი“. აღნიშნულ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp