საქართველოში აზერბაიჯანელი უფლებადამცველი დააკავეს

საქართველოში აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ავთანდილ მამედოვი დააკავეს. მისი მეგობრები შიშობენ, რომ მან შესაძლოა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის ბედი გაიზიაროს, რომელიც თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა და აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა.  

"პირველი საათი იქნებოდა ჩემი მეუღლე საცხოვრებელი ბინის უკან დააკავეს. მანამდე მარნეულის პოლიციიდან დაურეკეს, რომ შენთან მოვდივართ და უნდა გნახოთო. ავთანდილი რომ ჩავიდა ხელებზე ბორკილები დაადეს. მისი დაკავების შემდეგ თარჯიმანმა გოგომ დამირეკა, შენი მეუღლე დაკავებულია და ჩამოდი, მისი ნივთები წაიღეო. რომ ჩავედი ჩემს მეუღლეს ხელებზე ბორკილები ედო. მისი ნივთები და ტელეფონი გადმომცეს. მითხრეს, აზერბაიჯანის მოთხოვნის საფუძველზე არის დაკავებული და შეიძლება გადავცეთ აზერბაიჯანსო. მეშინია, მართლა ასე არ მოხდეს. ჩვენ დიდი ხანია საქართველოსგან პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვთ, უარი მივიღეთ. პასუხი გავასაჩივრეთ. 21-ში სასამართლო სხდომა უნდა ყოფილიყო. ავთანდილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას რომ გადასცენ, მას კარგი დღე არ ელის. აუცილებლად ციხეში ჩასვამენ. ჩემი მეუღლე აზერბაიჯანიდან პოლიტიკური დევნილია, რადგან ის იქ უფლებადამცველი იყო,რაც იქაურ ხელისუფლებას არ მოსწონდა და დაიწყეს მისი შევიწროება,"- აცხადებს ავთანდილ მამედოვის მეუღლე - გუნელ მამედოვი. 


მამედოვის უფლებებს აფგან მუხთარლის ქართველი უფლებადამცველი არჩილ ჩოფიკაშვილი იცავს. როგორც ჩოფიკაშვილი ამბობს, მამედოვი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად იყო განწყობილი, ის ასევე აქტიურობდა აფგან მუხთარლის საქმეზე, რის გამოც პოლიტიკური დევნილი გახდა.


„მას აზერბაიჯანში წარდგენილი აქვს გამოგონებული ბრალდებები, თაღლითობის ბრალდება. არ შეიძლება გადაეცეს აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რადგან იქ აუცილებლად აღმოჩნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, გამოგონებული ბრალდებებით კიდევ უფრო დაექვემდებარება არასათანადო მოპყრობას, რაც წარსულში არაერთხელ განხორციელებულა, მათ შორის აფგან მუხთარლის საქმეზე,“-ამბობს ჩოფიკაშვილი.  

როგორც საქართველოს შს სამინისტროში განმარტავენ, მამედოვი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით თაღლითობისთვის იძებნებოდა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის 17 ივნისს ჩატარებული ღონისძიების შედეგად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით, თაღლითობისთვის ძებნილი, 1983 წელს დაბადებული ა.მ. მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, 2017 წლის 17 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ა.მ.-ს მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტთან დაკავშირებით. ა.მ.-ს ბრალი ედებოდა აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 178.2.2.-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც არაერთგზის ჩადენილ თაღლითობას გულისხმობს.

2018 წლის 24 მაისს აზერბაიჯანის ქალაქ ქუბის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ა.მ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, დაკავებულს ქვემო ქართლის დროებითი მოთავსების იზოლატორში შეასახლებენ.

2017 წელს ა.მ.-მ საქართველოს შესაბამის კომპეტენტურ უწყებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართა. ყველა შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, მას მოთხოვნაზე უარი ეთქვა, საფუძვლების არარსებობის გამო. თავშესაფრის მაძიებელმა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა სასამართლოში და ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე მიმდინარეობს სასამართლო პროცესი“, - აცხადებენ შსს-ში.

როგორც შსს–ში განმარტავენ, პროცესის დასრულებამდე მამედოვი ითვლება საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად. ხოლო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თავშესაფრის მაძიებელი პირი არ შეიძლება იქნეს ექსტრადირებული ან საქართველოდან გაძევებული, ვიდრე მისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო გადაწყვეტილებას არ მიიღებს ან სასამართლო გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შევა.

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
თურქეთმა ოთხი ქურთული რეგიონის გუბერნატორები დააკავა