შსს–ში შეხვედრა დასრულდა – რაზე შეთანხმდნენ "პრაიდის" ორგანიზატორები და ძალოვანები

შს სამინისტრო ლგბტ აქტივისტებს ურჩევს, თბილისში აღარ ჩაატარონ "თბილისი პრაიდი",– ამის შესახებ ცნობილი შს სამინისტროში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა, რომელსაც შს მინისტრის მოადგილეები, "თბილისი პრაიდის" ორგანიზატორები და სახალხო დამცველი ესწრებოდნენ. 

როგორც ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა განუცხადა, წინა დღეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, შსს ვერ იძლევა ლგბტ აქტივისტების უსაფრთხების გარანტიებს, ამიტომ უმოჯობესად მიიჩნევს, "პრაიდი" თბილისში აღარ ჩატარდეს. თავად პრაიდის ორგანიზატორების პოზიცია ამ დროისთვის უცნობია, რადგან მათ შეხვედრის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებიათ. როგორც ირკვევა, მათ შსს–ს წარმომადგენლებს უთხრეს, რომ გუნდში მოილაპარაკებენ და გადაწყვეტილებას შემდეგ მიიღებენ. 

თავად ნინო ლომჯარიას განცხადებით, ფაქტია, რომ ლგბტ თემს საქართველოში შეკრების შესაძლებლობა არ აქვს. 

"შს სამინისტრო აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგას არა მხოლოდ "პრაიდის" მონაწილეების, არამედ ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოება და მათი მხრიდან იყო შეთავაზება, რომ პრაიდი არ ჩატარდეს, რადგან ეს უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთან იყო არის დაკავშირებული. ეს იყო ძირითადი განხილვის თემა. გადაწყვეტილებას მიიღებენ თემის წარმომადგენლები, რადგან მათ ალბათ კონსულტაციები უნდა გაიაროთ შიგნით – ორგანიზაციებში. ასევე იყო საუბარი სხვადასხვა საკითხებზე და პრობლემებზე, რაც ლგბტ თემს აწუხებს, მათ შორის მათი მხრიდან იყო საკითხი დაყენებული, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს ამ ვითარების შესაფასებლად და ასევე ისაუბრეს გარკვეულ რეკომენდაციებზე, რაც სურთ, რომ მათი უფლებების დასაცავად გატარდეს. იყო განცხადება, რომ გამოძიება დაიწყო და ეს არ იქნება ფორმალური გამოძიება. დაფიქსირდა პოზიცია, რომ ამ საკითხს შს სამინისტრო უყურებს სერიოზულად. ამ თემს ქვეყანაში შეკრების შესაძლებლობა არ აქვს და ეს არის ფაქტი. ამ თემს თავისუფალი შეკრების შესაძლებლობა ქვეყანაში არ აქვს, ეს არის ფაქტი და რეალურად ის, რომ ისინი შეიკრიბონ, თუნდაც ათასი პოლიციის კორდონით გარშემორტყმულნი, არ ცვლის ვითარებას, ფაქტი ფაქტად რჩება. დღემდე პრობლემად რჩება მათი თავისუფალი შეკრებისა და გამოხატვის უფლება, თუმცა გარკვეული ლოგიკაც არსებობს იმაში, რომ შეიძლება უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე გარკვეული საკითხები იქნეს გათვალისწინებული, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის ამ ადამიანების გადასაწყვეტი, გამართავენ თუ არა ამ ტიპის მარშს და მსვლელობას",– განაცხადა ნინო ლომჯარიამ შეხვედრის შემდეგ.    

Facebook Twitter Email Viber WhatsApp
IRI: პოლიტიკოსების რეიტინგში ბაქრაძე ლიდერობს, ივანიშვილი კი მე–11 პოზიციას იკავებს