ისრაელში გამოავლინეს ჯგუფი, რომელსაც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ შეჰყავდა

ისრაელის პოლიციამ გამოავლინა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც ქვეყანაში საქართველოს მოქალაქეები უკანონოდ შეჰყავდა. 

The Jerusalem Post – ის ინფორმაციით, დაკავებულია ექვსი პირი, კიდევ რვის მიმართ ძებნა მიმდინარეობს. მისივე ცნობით, ეჭვმიტანილებს შორის არიან ვენგურიონის აეროპორტის თანამშრომლებიც. 

ჯგუფის წევრები ახერხებდნენ, გვერდი აეარათ უსაფრთხოების მექანიზმისთვის, რის გამოც უცხოელებს აეროპორტში სასაზღვრო კონტროლის გავლა არ უწევდათ.

დაკავებულებს ბრალი ედებათ მოსყიდვაში, თაღლითობაში, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და ისრაელის სასაზღვრო კანონმდებლობის დარღვევაში.

ცნობისთვის: 2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და აღიარა სახელმწიფოდ, რომლის მოქალაქეებსაც არ ემუქრებათ დევნა რელიგიური, ეროვნული, პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა ნიშნებით. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს ისრაელში თავშესაფარი განსაკუთრებული მიზეზების გარეშე აღარ ენიჭებათ. 

ახალი ამბები

Facebook Twitter Email Viber WhatsApp